პარლამენტთან მიმდინარე ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 02.07.2022
ნანახია: 442

პარლამენტთან მიმდინარე ჰომოფობიური საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, მოგვიანებით კი შადრევანში ჩავიდა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

პარლამენტის წინ "ალტ-ინფოს" მხარდამჭერები აქციას მართავენ, ისინი ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერების დაკავებას აპროტესტებენ.

წუხელ, გვიან ღამით, პოლიციამ მთაწმინდაზე, "თბილისი პრაიდის" მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა. მათ შორის, ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

შსს-ს ცნობით, 26-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.

2 ივლისს თბილისში დაგეგმილია “პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე