კანდიდატის სტატუსი არ არის ავანსი და წახალისება უკრაინისთვის, უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ ევროპისა და დემოკრატიისთვის - კასიანოვი ღარიბაშვილის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 18:55 | 24.06.2022
ნანახია: 325

ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მოდიოდა, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინისთვის მინიჭებულ სტატუსზე საუბრისას განაცხადა.

"ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მოდიოდა, ამისთვის გამოვიდა უკრაინა ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. 120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ ევროპისა და დემოკრატიისთვის. სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის.

ევროკავშირი იცვლება, ის ხდება უფრო ძლიერი საკუთარი თავის და საკუთარი ღირებულებების დასაცავად, ნაკლებად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. უკრაინა თავის წვლილს შეიტანს ევროპის გაძლიერებაში. უკრაინაში მიმდინარე ომმა შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება, ევროპა და მსოფლიო", - თქვა ანდრი კასიანოვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა , რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი "ავანსად მიიღო."




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე