აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის ლენდ-ლიზის კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 29.04.2022
ნანახია: 624

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ლენდ-ლიზის კანონი, რომელიც შესაძლებელს გახდის უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფრო ეფექტურად მიწოდებას.

ინიციატივას მხარი დაუჭირა 417-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგ მხოლოდ 10 წავიდა.

დოკუმენტი სახელწოდებით "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი" დააჩქარებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა სამხედრო მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

აღნიშნული კანონპროექტი 7 აპრილს დაამტკიცა სენატმა. იმისათვის, რომ აქტი ძალაში შევიდეს, მას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.

ლენდ-ლიზის პროგრამა, რომელიც პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მან საშუალება მისცა ამერიკას, მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა სამხედრო დახმარება ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე