უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე, ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:16 | 09.04.2022
ნანახია: 540

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე, ბუჩაში მიწვევა არარელევანტურია - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

"პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არის სამწუხარო რეალობა, როდესაც სამწუხაროდ, ჩვენ ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი, დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა სამწუხაროდ, არარელევანტურია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ იდგმება არასწორი ნაბიჯები", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია იმ სისასტიკის საკუთარი თვალით სანახავად, რაც ადგილზე რუსებმა ჩაიდინეს.

სტეფანჩუკის მიწვევას შალვა პაპუაშვილმა განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე