ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე - უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:54 | 05.04.2022
ნანახია: 368

პარტია „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ იქნება, საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება შეუძლებელია.

"ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე და ასე შემდეგ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ  ასეთ საკითხებს ყველა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„მინდა, ყველას ვთხოვო – ეს იქნება საკუთარი მთავრობა თუ მეგობარი უკრაინის მთავრობა, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ისედაც რთულ ვითარებაში, ვითარებას ნუ დავძაბავთ დამატებითი თემებით. არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია. ვისურვებდი, მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფითი იყოს ეს ინფორმაცია. უდანაშაულობის პრეზუმცია მოქმედებს ინდივიდების და მთავრობების მიმართაც. ვინც ბრალი წამოაყენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს ბრალი. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ თქვას, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და ეს არ იციან, კიდევ როგორ უნდა დამტკიცდეს? ასეთ ვითარებაში მტკიცების ტვირთია იმ მხარეს, ვინც ამას ამბობს, მაგრამ მინდა, ვისურვო, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და სამუშაო რეჟიმში გადავალთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე