იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს

საქართველო, თბილისი - 17:26 | 04.04.2022
ნანახია: 634

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ მინისტრმა ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იუწყება Ansa.

„იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს“, - განაცხადა მან.

იტალია თავისი გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს რუსეთიდან იღებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების დივერსიფიკაციას.

რუსეთის ჯარის მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისა და სასტიკ დანაშაულების მტკიცებულებების ფონზე,  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის კოორდინაციას გაუწევს სანქციების გამკაცრების საკითხს ევროკავშირის პარტნიორებთან და განსაკუთრებით გერმანიასთან.

მაკრონის თქმით, საჭიროა სადამსჯელო ზომები რუსული ქვანახშირისა და ნავთობის სექტორის, ასევე ცალკეული პირების მიმართ. "ჩემი სურვილია, ვიხილო ევროკავშირში რუსული ნავთობისა და ქვანახშირის სრული დაბლოკვა".

"ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ ეს არის ჩვენი კოლექტიური ღირსება და ჩვენი ღირებულებები, რომლებსაც ვიცავთ. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე", - განაცხადა მაკრონმა.

ამავდროულად, Financial Times იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს 6 აპრილს განიხილავენ.

ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში

კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტულია რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.

რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით,  მათ აქვთ მტკიცებულებები რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა.

ბუჩაში რუსეთის მიერ დატრიალებული სისასტიკე მკაცრად დაგმეს დასავლეთის ლიდერებმა. თავის მხრივ, რუსეთი უარყოფს ბრალდებებს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ნატოს მანიპულაციასა და პროვოკაციაში ადანაშაულებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე