შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 21:25 | 03.04.2022
ნანახია: 423

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში მასობრივ მკვლელობას ეხმიანება.

"შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში. გამახსენდა სასტიკი დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აფხაზეთში, 1990-იან წლების დასაწყისში და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქების გათავისუფლების შემდეგ უკრაინელ სამხედროებს უმძიმესი ვითარება დახვდათ. ქალაქების ქუჩებში მიმოფანტულია რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები.

რუსი სამხედროები წამებით ხოცავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუპატიურებდნენ ქალებს. ქალაქ ბუჩის მერის განხადებით, უკვე დაკრძალეს 300-მდე ცხედარი, თუმცა ქალაქში უამრავი ცხედარი რჩება. უმძიმესი კადრები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, რომლებიც გათავისუფლებულ დასახლებებში იმყოფებოდნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა.

ბუჩაში რუსეთის მიერ დატრიალებული სისასტიკე მკაცრად დაგმეს დასავლეთის ლიდერებმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე