თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა
საქართველო, თბილისი - 13:14 | 03.03.2022 ნანახია: 349თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა, რომელზეც ფინანსური დახმარების შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას. ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ. ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. უამრავი მოქალაქე ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ, ამ ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა. თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზაობა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან.
იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი აქტიურობს, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავხსნათ ანგარიში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევა. სახაზინო კოდია 300778800, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ - უკრაინისთვის. რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, შევიტანო ჩემი წვლილი ამ ფინანსურ დახმარებაში და ყველანაირად გვერდით დავუდგე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის ორგანიზებით, ასევე შეგროვდება პროდუქტები.
"ჩვენ უკვე გვაქვს შერჩეული კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტების მობილიზება, რომელიც შემდეგ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიგზავნება. ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ამასთან დაკავშირებით. პანდემიის დროს ძალიან ბევრ ოჯახს, ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ამ პროცესში ჩართული იყო ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი აქტიურობა იქნება, ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში და ჩვენ ყველა, ამ ძნელბედობის ჟამს, გვერდში დავუდგებით ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს.
კიდევ ერთხელ, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და ვისურვო, რომ მხოლოდ აღმშენებლობაში, განვითარებაში, წინსვლაში გამოგვეხატოს ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან განვიცდით იქ არსებულ მდგომარეობას. ომი, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან დამთრგუნველია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა, ჰუმანიტარული ტვირთი ბელიაშვილის N5-ში შეგროვდება.
„გახსოვთ, რომ პანდემიის პერიოდში გვქონდა ლოგისტიკური ცენტრი ბელიაშვილის N5-ში, რომელიც ხვალიდან ამუშავდება და მიიღებს ტვირთებს, როგორც ბიზნესისგან, ასევე მოქალაქეებისგან“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
თბილისის მერის მოადგილემ მოქალაქეებს სთხოვა, ბელიაშვილის N5-ში არამალფუჭებადი პროდუქტები მიიტანონ.
დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განცხადებით, უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების რეალური საჭიროება გამოიკვეთა.
„ჩვენ პირველივე დღეებიდან კომუნიკაციაში ვიყავით დამეგობრებულ და პარტნიორ ქალაქებთან. ესენია: ოდესა, კიევი და ხარკოვი. ხარკოვი და კიევი ის ქალაქებია, რომლებმაც ომის შედეგები მძიმედ იტვირთეს. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდეს. ამის რეალური საჭიროება არსებობს, რაც კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოს აღნიშნულ აქციაში. ეს ტვირთი გაეგზავნება უკრაინას და რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორ ქალაქებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
პოლიტიკა
- „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს