მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 39 %, უარყოფითად - 52 % - NDI

საქართველო, თბილისი - 13:29 | 27.01.2022
ნანახია: 331

გამოკითხულთა უმეტესობა ინსტიტუტებითა და ლიდერებით უკმაყოფილოა, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს 39 პროცენტი, ხოლო უარყოფითად 52 პროცენტი. შვიდმა პროცენტმა არ იცის, ორი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 27 პროცენტი, საშუალოდ ასევე 27 პროცენტი, უარყოფითად – 35 პროცენტი, არ იცის ათმა პროცენტმა, ორი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე