27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:15 | 26.01.2022
ნანახია: 377

ხვალ, 27 იანვარს, 17.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებას დაესწრებიან სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტებიდან,  ებრაული თემის, კულტურის სფეროს, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები; საღამოს მონაწილეებს პირდაპირი ჩართვით მიმართავენ ისრაელისა და მსოფლიო ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შესრულდება ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი რამდენიმე მუსიკალური ნომერი; გავა „ისრაელის სახლის“ მიერ მომზადებული ვიდეო კლიპები ჰოლოკოსტისა და ქართველი შინდლერის - სერგი მეტრეველის შესახებ.

ღონისძიება, სადაც წარმოჩინდება საქართველოს უნიკალური როლი ებრაელი ხალხისადმი სოლიდარობის საქმეში, მოექცევა ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ყურადღების ცენტრში.

ღონისძიება ჩატარდება კოვიდრეგულაციების დაცვით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე