აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს

საქართველო, თბილისი - 16:57 | 19.01.2022
ნანახია: 318

შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის ფონზე გახდა ცნობილი.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ბლინკენი კიევში ვიზიტის კვალდაკვალ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის შესაძლო აგრესიის მზარდი საფრთხეების ფონზე, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარის ოდენობით თავდაცვით სამხედრო დახმარებას გაუწევს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ დახმარება დამტკიცდა დეკემბრის ბოლოს, როგორც უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ის ძალისხმევის ნაწილი.

თუმცა, ბლინკენის კიევში ვიზიტამდე, ადმინისტრაცია არ ჩქარობა ამ ინფორმაციის საჯაროდ დადასტურებას.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა. უკრაინაში ამერიკელ დიპლომატს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურებას ემსახურება.

უკრაინიდან ენტონი ბლინკენი გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრება, სადაც განიხილავს რუსეთთან გამართულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და დასავლეთის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე