მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისის ერთ-ერთ მონასტერში - საპატრიარქო

საქართველო, თბილისი - 17:14 | 16.01.2022
ნანახია: 361

ცაგერისა და ლენტეხის და ჭყონდიდის ეპარქიების მმართველი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იუწყება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

ამ განცხადებით, საპატრიარქო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე.

საპატრიარქოს განცხადებით, მეუფე სტეფანეს მდგომარეობის დამძიმებისა და მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ ინფორმაცია, სიცრუეა.

"სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.

მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე