ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია - მეუფე შიო
საქართველო, თბილისი - 17:49 | 17.10.2021 ნანახია: 808
დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა!
დღეს, როგორც ყოველ კვირა დღეს, როდესაც სიმრავლე ხალხისა იკრიბება ტაძრებში, იკითხება ხოლმე სახარების გამორჩეული მონაკვეთები. დღევანდელ სახარებაში იყო შემდეგი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „როგორც გსურთ, რომ მოგეცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ". აი, ასეთია უფლის ეს თითქოს მოკლე და მარტივი სწავლება; ეს კანონი, ეგრეთ წოდებული ოქროს წესი, ყველამ მშვენივრად ვიცით. იგი გვხვდება ძველ აღთქმაშიც, მაგალითად, „ზირაქის სიბრძნეში“, რომელშიც ნათქვამია: ,,ნუ დაუგებ სხვას მახეს, თორემ შენ თავადვე გაებმები მასში!" ე. ი. თუ ვინმეს ბოროტებას გაუკეთებ, აუცილებლად შენც იგივე ბოროტება შეგემთხვევა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვავიწყდება ეს სწავლება, ეს ოქროს წესი, ძალიან ადვილად განვიკითხავთ, უდიერად ვსაუბრობთ მოყვასებზე, საკუთარ თავს კი იშვიათად განვიკითხავთ.
თქვენ იცით, რომ უფალმა ბრძანა, ახალ მცნებას გაძლევთო; ანუ ამ სიტყვებთან ერთად ისიც თქვა, რომ მარტო თქვენს ახლობლებსა და მოყვარულებს თუ ჰყვარობთ და სიკეთეს უკეთებთ, რა საზღაური იქნება ეს ქრისტიანისთვის, რადგან წარმართებიცა და ცოდვილნიც - ცოდვილებში ამ შემთხვევაში წარმართები იგულისხმებიან - ჰყვარობენ და სიკეთეს უკეთებენ თავიანთ ახლობლებსო. და დასძენს უფალი: ,,ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთეს უკეთებდეთ მათ და იქნება თქვენი საზღაური დიდი და იქნებით ძენი მაღლისა, ვინაიდან იგი ტკბილია, იგი კეთილია ბოროტთა და უმადურთა მიმართაც!" ასეთი საოცარი სიტყვებია დღევანდელ სახარებაში.
ე. ი. ,,გიყვარდეთ მტერნი თქუენნი!" ახალი აღთქმიდან ალბათ ეს არის ჩვენთვის ყველაზე რთული სიტყვები გასაკეთებლად, აღსასრულებლად და გასაგებად. თუმცა შეუძლებელი არ არის, ვინაიდან უფალი გვასწავლის ამას, რაც ნიშნავს, რომ ყოველივე შესაძლებელია ღვთის მადლით თუ ჩვენ ამას მოვისურვებთ.
აი, დღეს ძალიან მოკლედ გავერკვეთ, ვინ არის ჩვენი მტერი? აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ პირად მტერს და არა სამშობლოს დამპყრობელს, იმ გარემოებას, როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, იარაღი ავიღოთ ხელში და ვიომოთ. აქ ეს იმიტომ არ იგულისხმება, რომ ასეთ მტერთან შებრძოლება ყოველთვის გმირობად ირაცხებოდა ეკლესიის მიერ.
აქ საუბარია პირად მტრებზე. ვინ არიან ისინი? ვინც ჩვენ გარშემო იმყოფებიან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი სულის გადარჩენას უშლიან ხელს, ამაში გვებრძვიან. გარდა ამისა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს ემუქრებიან, ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფენ, ჩვენს კეთილ სახელს ლახავენ ცილისწამებებით, შეგნებულად გვემტერებიან. აი, ასეთი ადამიანები არიან ჩვენი მტრები. ჩვენ ზოგჯერ ისეთ ხალხს ვუწოდებთ მტრებს, რომლებიც სინამდვილეში მტრები კი არ არიან, არამედ, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ უსიამოვნო მდგომარეობაში გვაყენებენ.
და რას ნიშნავს ,,გიყვარდეს მტერი", როგორ უნდა გამოხატო სიყვარული მტრისა?
აი, დღევანდელი სახარება გვასწავლის ამას: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. აქ არ წერია და არც იგულისხმება, რომ მტრისადმი სიყვარული უნდა იყოს რაიმე გრძნობა, რომელიც ჰგავს ემოციას ან ტრფიალებას. მტრის სიყვარულში იგულისხმება - არ გაუკეთო ბოროტი მას, შური არ იძიო მასზე და არ უპასუხო ბოროტებით. ეს ყველაფერი კი სულაც არ ნიშნავს, რომ წაახალისო ბოროტება, წაუყრუო, ვინაიდან ბოროტება ყოველთვის ბოროტებაა და მას უნდა ვებრძოლოთ, იგი უნდა შევაჩეროთ და, შეძლებისდაგვარად, ეს უნდა მოხდეს სიყვარულით, მოწყალებით, დარიგებით, ქველმოქმედებით.
ამასთან, მინდა, თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.
დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.
შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: ,,მოიკვეთეთ უკეთური!" იგი პირდაპირ აცხადებს ამას. და უფალი იესო ქრისტეც ამბობს, რომ ,,თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, თუ გაგიგონებს და მოინანიებს, შეგიძენია შენი ძმა, თუ არა, ორი ან სამი ადამიანი წაიყოლე და მათი თანდასწრებით ამხილე. თუ მათაც არ გაუგონებს, კრებულთან მიიყვანე და კრებულის თანდასწრებით უთხარი ეს ყველაფერი, და თუ კრებულსაც არ გაუგონებს და არ მოინანიებს";
და გახსოვთ რას ამბობს უფალი? ,,იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, როგორც წარმართი, მებაჟე და მეზვერე!" თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა.
სწორედ აქ ჩანს მშვენივრად, თუ რა არის საფუძველი შერიგებისა, შენდობისა. ამიტომ ჩვენ, როდესაც ხდება რაღაც გარემოებები, ქრისტიანები უნდა ვეცადოთ, ვიაზროვნოთ სახარებისეულად და გავიხსენოთ, რას ამბობს ამაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი, ეს მინდიდა, მეთქვა თქვენთვის.
ამგვარად, ვეცადოთ, ჩვენს მტრებში ღვთის ქმნილება დავინახოთ. თუ ის დაცემულია, სულიერად დაავადებული, მაშინ სჭირდება მკურნალობა, მიდგომა ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა საშუალებით და არა ბოროტებითა და სიძულვილით. საბოლოო ჯამში, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს გულში არ იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში და, შესაბამისად, სულის გადარჩენასაც ვერ მივემთხვევით. ე. ი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე. და უფრო მეტიც, უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შური, არამედ სიყვარულიც გამოვავლინოთ. ვიმეორებ, ეს სიყვარული არ არის ემოცია, გრძნობა, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ გაუკეთო სიკეთე მტერს, მოექცე სიყვარულით, ანუ ეს არის სახარებისეული არა გრძნობა, არამედ ადამიანის თვისება.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ვეცადოთ, ღვთის შეწევნით, ეს მცნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - „გიყვარდეთ მტერნი თქვენი და ისე მოექეცით ადამიანებს, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ“, - შევასრულოთ, რადგან ადამიანთა სიყვარული მეშვეობით, ჩვენ შევიყვარებთ ღმერთსაც, შევიმეცნებთ ღმერთსაც. რატომ? იმიტომ, რომ „ღმერთი სიყვარულ არს“! და სიტყვებისამებრ პავლე მოციქულისა: ,,ვინც შეიყვარებს მოყვასს, მან აღასრულა რჯული". ამინ!, - აღნიშნა მეუფე შიომ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















