დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში ტრაგედიას მოჰყვა. ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს - ილია II

საქართველო, თბილისი - 12:16 | 10.10.2021
ნანახია: 550

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. ერთი გადარჩენილი იმყოფება კლინიკაში, 36 წლამდე კაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე