ვაქცინირებულ პატიმრებს ხანგრძლივი პაემნის უფლება ექნებათ

საქართველო, თბილისი - 10:25 | 21.09.2021
ნანახია: 559

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება.

ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება, უწყებამ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს  რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

ხანგრძლივი პაემნის განხორციელებას შეძლებენ  მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად  ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები,   ვინც ასევე სრულად ვაქცინირებულები იქნებიან და  შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენენ.

უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი  18 მაისს დაიწყო, რომელიც  ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე  მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული.

ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50  ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, უწყების ცნობით, თანამშრომელთა  92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე