ამერიკა ერაყში სამხედრო მისიას წლის ბოლომდე დაასრულებს

საქართველო, თბილისი - 11:47 | 27.07.2021
ნანახია: 597

შეერთებული შტატები ერაყში სამხედრო მისიას ამ წლის ბოლოს დაასრულებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს, 26 ივლისს, თეთრ სახლში ერაყის პრემიერ მინისტრთან მუსტაფა ალ-ქაზიმთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ეს იქნება "ახალი ეტაპი" ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი და ბაღდადი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ერთობლივად განაგრძობენ.

"ერაყში ჩვენი მისია ერაყელი სამხედროების გადამზადება იქნება. ასევე დავეხმარებით ერაყის მთავრობას ტერორიზმისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში", - ჯო ბაიდენმა.

ვაშინგტონის ახალი გეგმა არ ითვალისწინებს ჯარების სრულმასშტაბიან გაყვანას. ამერიკელი სამხედროები განაგრძობენ ერაყელი ჯარისკაცების წვრთნებს, გაგრძელდება ლოჯისტიკური დახმარება.

აშშ-ის სამხედროებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ტერორისტული დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბაიდენის წინამორბედის, დონალდ ტრამპის დროს, სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილი ერაყიდან გაიყვანეს. ერაყში დარჩენილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ოფიციალურად არიან დასაქმებულნი ერაყის არმიის კონსულტანტებად და ინსტრუქტორებად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე