პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 20:25 | 12.07.2021
ნანახია: 467

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განახლდა საპროტესტო აქცია, რომელიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართება.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 5-6 ივლისს თბილისში განხორციელებულ ძალადობას, გმობენ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ტრიბუნებიდან ჟურნალისტები, მედიამენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გუშინ, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოპერატორს "თბილისი პარაიდის" მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე