ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო იერიშს 35 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 12 ბავშვია

საქართველო, თბილისი - 10:49 | 12.05.2021
ნანახია: 817

ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ესკალაციის დაწყებიდან ღაზაში საერთო ჯამში 35 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 12 ბავშვი და ერთი ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 233-ს აღწევს.

ისრაელის ტერიტორიაზე კი ღაზას სექტორიდან ნასროლ რაკეტებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ქალაქ ლოდის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ერთი ბავშვი. დაშავებულია 200-ზე მეტი მოქალაქე.

კონფლიქტის გამწვავებიდან ისრაელის მიმართულებით ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

ბოლო წლების უდიდესი ესკალაცია ღაზის სექტორის საზღვარზე ორშაბათს, 10 მაისს 18 საათის შემდეგ დაიწყო. 

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა მკაცრად დაგმოს ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმები ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვის უფლებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე