დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 17:52 | 18.03.2021
ნანახია: 594

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა.

"ახალციხეში, იმედის კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს უკვე 3 დღეა, აცრილი ჰყავს 16 ადამიანი, 12 საათზე და 15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, რომელიც როგორც ვიცი სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და არ აღნიშნავდა, ასეთია ინფორმაცია ანამნეზში, ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ ამ ქალბატონმა პირდაპირ ეთერში მისცა ინტერვიუ და ყველას მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

სამწუხაროდ 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, გვეუბნებიან რომ გავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. მას ჩაუტარდა დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარება, მაგრამ არ მოიხსნა ეს შოკი და მისი მდგომარეობა საყურადღებოა, "-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ არის დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან.

"ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედება, ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწარაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითო რეაქცია. მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქცია ხდება მილიონში ერთი, გასაშუალებული მონაცემები არის ერთი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ წუთებში ექთანი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე