ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებისა და ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

საქართველო, თბილისი - 14:13 | 14.03.2021
ნანახია: 544

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

აქციაში მონაწილეობენ რიონის ხეობის დამცველები, გარემოს დაცვის აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოქალაქეები.

აქციის მონაწილეები ჰესების მშენებელი კომპანია „ენკას“ მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, ასევე, ეწინააღმდეგებიან თურქული კომპანიისთვის მიწების 99 წლით გასხვისებას.

რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტი, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ჟონეთსა და ნამოხვანში 141-ე დღეა გრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში, რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ღამეს კარავში ათევს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა დაემატა. აქციის მონაწილეები დღესვე ხელმოწერებს შეაგროვებენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. ასევე შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლებიან სოფელ ნამოხვანში გაშლილ კარვებში ღამის გასათევად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე