იციკ მოშე: კულტურის ექსპორტი საქართველოს მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის
საქართველო, თბილისი - 16:01 | 12.03.2021 ნანახია: 679
თბილისში ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ახალი პროექტის - Parallel Traces გამოფენა გაიხსნა, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით, Creative Europe - პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
გამოფენის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“, რომელიც საქართველოში ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ოფიციალური წარმდგენია. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და AEPJ-სთან, რომელთა ეგიდითაც ხორციელდება აღნიშნული მარშრუტი.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისს ეწვივნენ ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის დირექტორი ვიქტორ სორენსენი და სტუმრები ევროპის ექვსი ქვეყნიდან. ღონისძიებას დაესწრნენ, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
გამოფენის გახსნას ვიდეომიმართვით მიესალმა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა. ღონისძიების მონაწილეებს პირდაპირი ჩართვით ისრაელიდან მიმართა ქნესეთის წევრმა, იმიგრაციის, აბსორბციისა და დიასპორის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავიდ ბიტამა.
გამოფენა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გახსნა. მისი თქმით, „ისრაელის სახლისთვის“ ებრაული მემკვიდრეობა არ არის წარსულში დაბრუნება. ეს არის კულტურული კოდი, რომლითაც ვაშენებთ მომავალს.
„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვმონაწილეობთ მაღალი დონის კულტურის ექსპორტში საქართველოდან, რასაც ჰქვია კულტურული დიპლომატია. ჩვენ 1 წლის წინ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადავეცით ახალი სამუზეუმო ფართი 3500 კვ.მ; ჩვენ გავხსენით ქალაქ ონში ჰოლოკოსტის მონუმენტი, რომელიც არის პირველი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
გვჯერა, რომ კულტურული მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია და იზიდავს ტურიზმს.
ტურიზმის შემოსავლის ნაწილი შეიძლება ჩაიდოს კულტურის დიპლომატიაში და კულტურის ექსპორტში, რაც გაზრდის საქართველოს მიმართ ინტერესს, მოიტანს დამატებით ინვესტიციებს. და ეს ყველაფერი გაზრდის საქართველოს ეკონომიკასაც“, - აღნიშნა იციკ მოშემ და დასძინა: „კულტურა არის ნაციონალური კონსენსუსი. კულტურა იყო უფრო ადრე, ვიდრე დიპლომატია ქვეყნების ურთიერთობებში.
ჩვენ გვაქვს მესამე სექტორში საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება. მსოფლიო ებრაელობაში საკითხების 90% კეთდება სწორედ მესამე სექტორის მიერ
ჩვენ არ გვაქვს არც ფუფუნება და არც უფლება მოდუნების. სანამ ჩინოვნიკები არკვევენ შუქის ნიშნები რამდენად წარმოადგენს მზეს, ჩვენ, მესამე სექტორს გვევალება დავაჩქაროთ მზე და თუ ეს არაა მზე - ამოვიყვანოთ ის, რომელიც გაანათებს მომავალს”.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელის სიგრიდ ბრეტელის შეფასებით, ეს გამოფენა არის ევროპული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ნათელი მხარე. რადგან საქართველოს აქვს ღრმა და დიდი ებრაული მემკვიდრეობა. ქვეყანაში მოღვაწეობს ბევრი ნიჭიერი ხელოვანი. ეს კარგია ევროპული კომუნიკაციისთვისაც, რადგან ამ გამოფენაში ვნახე ბევრი არტისტის ნამუშევარი“, - აღნიშნა ბრეტელმა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრის, ელისო ბოლქვაძის თქმით, სიმბოლურია რომ ამ გამოფენას მასპინძლობს საქართველო, ქვეყანა, რომელიც არის მდიდარი კულტურითა და კულტურული მემკვიდრეობით და ასევე აქ შემორჩენილია დიდი ებრაული კულტურული მემკვიდრეობა.
„ევროსაბჭოს ეგიდით საქართველოში მოქმედებს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი. ეს არის ერთი მხრივ ზრუნვა კულტურულ ღირებულებებზე, მეორე მხრივ, ამ მარშრუტის წყალობით საქართველო დიდი ხანია ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობისგან ტურისტთა ყურადღების ცენტრშია. ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ამოქმედება კიდევ უფრო აღრმავებს ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს კავშირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მივესალმები ამ ფორმატში ისრაელის სახლის მიერ ყოველწლიურად ებრაული კულტურის ევროპული დღეების ჩატარებას.
იუნესკოს მშვიდობის არტისტის რანგში მე პირადად ვმონაწილეობდი ისრაელის სახლის მიერ ქნესეთის წევრებთან ერთად ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოსა და ისრაელში. მიმაჩნია, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს საქართველოს მრავალმხრივ წარმოჩენას, გარე სამყაროსთან მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას და რაც მთავარია, სამართლიანად იმის ხაზგასმას, რითიც საქართველო ყოველთვის ამაყობს - ესაა მაღალი კულტურა და ტოლერანტული განწყობა“, - განაცხადა პარლამენტარმა.
გამოფენა Parallel Traces-ის პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროპის ისტორიის განუყოფელი ნაწილის - ევროპული ებრაული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით შეიძლება. კერძოდ, ლაპარაკია ფოტოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების შექმნასა და ახალი აპლიკაციის განვითარებაზე. ებრაული მემკვიდრეობის ამსახველი ორიგინალური ციფრული ნამუშევრები, აგრეთვე, მნიშვნელოვანი მხატვრული მასალებია, რომლებიც წარმოდგენილია გამოფენებზე.
ეს არის ტრანსნაციონალური კულტურული და შემოქმედებითი სამუშაოების შედეგი.
პროექტის მონაწილე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, სერბია, რუმინეთი, პოლონეთი და საქართველო.
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზირი #27) 11 აპრილამდე გაგრძელდება.
გამოფენის გახსნამდე, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ და ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის დირექტორმა ვიქტორ სორენსონმა შეხვედრა გამართეს პარლამენტში. სტუმრეს უმასპინძლა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარები ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობა საქართველოს იმიჯისთვის უმნიშვნელოვანესია. იმის გამო, რომ აღნიშნული ასოციაცია და მისი ეგიდით „ისრაელის სახლი“ კულტურულ მემკვიდრეობის დაცვა/პოპულარიზაციაზე მუშაობენ, ეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია მსოფლიოდან ტურისტების მოსაზიდად, რაც სერიოზული შენატანია ქვეყნის ეკონომიკაში. პარლამენტარების თქმით, მათი სურვილია, პარლამენტის ეგიდით შემუშავდეს კულტურათაშორისი ურთიერთობის პროექტი, რომელიც AEPJ-სთან და „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით განხორციელდება.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















