ვენესუელამ გამოუშვა 1-მილიონიანი ბანკნოტი, რომლის ღირებულება 0.52 ცენტია

საქართველო, თბილისი - 21:17 | 06.03.2021
ნანახია: 680

ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა გამოუშვა ბანკნოტი ერთი მლნ ბოლივარის ნომინალით. ეს ყველაზე მსხვილი კუპიურაა ქვეყნის ისტორიაში, თუმცა ჰიპერინფლაციის გამო ოფიციალური კურსით, ის მხოლოდ 52 ცენტი ღირს.

ქვეყნის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალი კუპიურების -  200 ათასი, 500 ათასი და 1 მლნ ბოლივარის ნომინალებით, ბრუნვაში ჩაშვების შესახებ, რასაც ის „ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“ ხსნიდა.

უკანასკნელ წლებში ნავთობით მდიდარი ვენესუელის ეკონომიკა ღრმა კრიზისს განიცდის. ნიკოლას მადუროს რეჟიმის კრიტიკოსები და დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ამაში დამნაშავე ხელისუფლების უკიდურესად არაეფექტიანი პოლიტიკა და მასობრივი კორუფციაა. თავად მადურო ეკონომიკურ პრობლემებში დასავლეთს და მის მიერ დაწესებულ სანქციებს ადანაშაულებს.

იანვრის მონაცემებით, ვენესუელაში ინფლაციამ 2 600 პროცენტი შეადგინა. როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ქვეყნის მოსახლეობა ყოველდღიური ხარჯებისთვის უმეტესად ამერიკულ დოლარს იყენებს. სააგენტოს შეფასებით, ტრანზაქციების 66 პროცენტი ამერიკული ვალუტით ხორციელდება, ბოლივარი გამოიყენება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საწვავის შესაძენად, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2020 წლის შედეგებით, ვენესუელის მშპ 25 პროცენტით დაეცა, 2021 წელს კი 10 პროცენტით შემცირდა. ქვეყნის ეკონომიკა კი უკვე ბოლო შვიდი წელია აღარ იზრდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე