საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 24.01.2016
ნანახია: 2102

24-25 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ლოძში დაგეგმილ ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში. ფორუმი პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის (Foundation Institute for Eastern Studies) ორგანიზებით გაიმართება და მას უკრაინიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლიტიკური წრეების, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

24 იანვარს, დავით უსუფაშვილი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის პოლონეთის, უკრაინისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთვება დისკუსიაში თემაზე: „უკრაინის ასოცირება ევროპის კავშირში - რეფორმები და მოდერნიზაცია", ხოლო 25 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას პლენარულ დისკუსიაში: „აღმოსავლეთ პარტნიორობა - წარმატება თუ მარცხი?"

ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, დავით უსუფაშვილის ორმხრივი შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის სპიკერთან მარეკ კუჩინსკისთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე