ბუკნარში რაც ხდება - არის სირცხვილი, ადამიანებს არ აძლევდე სალოცავის მშენებლობის უფლებას - არის ფსკერი - ზურა ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 20:05 | 13.01.2021
ნანახია: 1086

ახალგაზრდებს თავს უტეხდე იმიტომ, რომ ისინი შენგან განსხვავებული რწმენის მატარებელნი არიან - არის საპატრიარქოს მიერ განხორციელებული მრავალწლიანი არაჰუმანური და ანტიქრისტიანული ტვინების წმენდის შედეგი, - ამის შესახებ მეტი თავისუფლება გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.

ჯაფარიძე ფეისბუქზე წერს, რომ ეს არის საშიში რეალობა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების დამსახურებაა.

"ბუკნარში რაც ხდება - არის სირცხვილი

ადამიანებს არ აძლევდე სალოცავის მშენებლობის უფლებას - არის ფსკერი

ახალგაზრდებს თავს უტეხდე იმიტომ, რომ ისინი შენგან განსხვავებული რწმენის მატარებელნი არიან - არის საპატრიარქოს მიერ განხორციელებული მრავალწლიანი არაჰუმანური და ანტიქრისტიანული ტვინების წმენდის შედეგი.

ის, რომ ასეთ სამარცხვინო და საშიშ რეალობაში ვართ - არის პირდაპირი დამსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული ადამიანების ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას უწყობდნენ ხელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აგრძელებენ საბჭოთა სუკის მავნებლურ პოლიტიკას სხვადასხვა კონფესიებთან მიმართებაში, რომელიც გულისხმობს მათ მართვას "დაყავი, ერთმანეთის მტრებად აქციე და იბატონე" პრინციპით". - წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე.

კონფლიქტი ადგილობრივ მუსლიმურ და ქრისტიან მოსახლეობას შორის უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მუსლიმი თემი სალოცავს ითხოვს, რასაც დანარჩენები ეწინააღმდეგებიან. ქრისტიანები ამბობენ, რომ სოფელში მეჩეთის აშენება არ სურთ, რადგან მათი თქმით, ლანჩხუთის სამ სოფელში მუსლიმებს სალოცავები უკვე აქვთ .

ბუკნარში მუსლიმები მეჩეთის აშენებას 2007 წლიდან ითხოვენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე