ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:06 | 19.09.2019
ნანახია: 1471

20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი  მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ოქრუაშვილის გარდა, პატიმრობაში დარჩა კიდევ ორი ბრალდებული.

აღკვეთის ღონისძიების საკითხის შეცვლაზე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ კვლავ არსებობს რისკები მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა. სასამართლო სხდომას ირაკლი ოქრუაშვილი არ დასწრებია. 

ოქრუაშვილის ადვოკატი სასამართლოს სთავაზობდა 500 000 ლარიან გირაოს. ამასთან, მან სასამართლოს შესთავაზა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში რამდენიმე ადამიანი ჩაუდგებოდა, მათ შორის ინგა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი და პაატა დავითაია.

ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო.

მოსამართლემ საქმეზე არსებითი განხილვა 2 ოქტომბერს, 13:00 საათისთვის ჩანიშნა.

ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი – გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი არიან დაკავებულები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე