თურქებმა აფრინში ქურთების მიერ კონტროლირებადი 15 სოფელი დაიკავეს - საომარ მოქმედებებს პირველი თურქი სამხედრო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 23.01.2018
ნანახია: 825

თურქმა სამხედროებმა სირიაში აფრინის რაიონში „ზეთისხილის ტოტი“ ოპერაციის მსვლელობისას 15 სოფელი დაიკავეს, რომლებსაც ქურთული რაზმები აკონტროლებდნენ.

თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ის ინფორმაციით,  ქურთული პოზიციების წინააღმდეგ საარტილიერო დარტყმები გრძელდება. დაწყებულია სახმელეთო ჯარების იერიში ახალი მიმართულებით - სირიის ჩრდილოეთით ქალაქ აზაზის მხარეს. ჯარებმა აფრინის რაიონში წინ კიდევ 8 კმ-ით წაიწიეს.

თურქი სამხედროების მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ერთი თურქი სამხედრო. სირიელი უფლებადამცველები 22 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იტყობინებიან.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიაში არსებული სიტუაციის განხილვა გუშინ თურქეთისადმი სიტყვიერი მოწოდებით დასრულდა. საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ფრანსუა დელატრმა განაცხადა, რომ თურქეთს თავშეკავების გამოვლენისკენ მოუწოდეს.

ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ თურქეთმა ქურთული რაზმების წინააღმდეგ აფრინში შაბათს ავიაიერიშებით დაიწყო. კვირას კი ის სახმელეთო ფაზაში გადავიდა, რომელშიც ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე