ექსჰუმაციის შემდეგ სალვადორ დალის ულვაშების ფორმა შესანიშნავად იყო შენარჩუნებული

საქართველო, თბილისი - 13:33 | 21.07.2017
ნანახია: 1108

ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის ცხედარი, რომლის ექსჰუმაცია მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით დნმ-ის ანალიზის გასაკეთებლად განხორციელდა, ბალზამირების შედეგად კარგად იყო შენახული. გალა-სალვადორ დალის ფონდის გენერალური დირექტორის ლუის პენიუელასის თქმით, შესანიშნავად შენარჩუნდა მხატვრის ცნობილი ულვაშების ფორმაც.

კატალონიელმა მარია პილარ აბელ მარტინესმა სასამართლოს 2007 წელს მიმართა, მისი მტკიცებით, ის სალვადორ დალის ბიოლოგიური შვილია. მადრიდელმა მოსამართლემ მხატვრის ექსჰუმაციის შესახებ კატალონიელი ქალის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ადგილობრივი მთავრობისა და დალის სახელობის ფონდის წარმომადგენლები დალის ნეშტის ექსჰუმაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რადგან მიიჩნევენ რომ კატალონიელი ქალის მხატვართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, 20 ივლისს ექსპერტებმა მაინც აიღეს დე-ენ-ემის ნიმუში. ექსპერტიზის პასუხი რამდეიმე კვირაში გახდება ცნობილი.

როგორც მარია მარტინესი ამბობს, დედამისს და სალვადორ დალის საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ და ამის შესახებ მას ბებიამ უამბო. მარტინესის დედა, ანტონია, იმ ოჯახში მუშაობდა, რომლის წევრებიც დალის სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ.

თუ ექსპერტებმა დაადასტურეს,რომ მარია პილარ აბელ მარტინესი მართლაც დალის შვილია, მაშინ კატალონიელ ქალს მხატვრის გვარზე გადასვლის და მის ნამუშევრებზე საავტორო უფლებების მოთხოვნა შეეძლება. ამ უფლებებს ახლა ნაწილობრივ ესპანეთის სახელმწიფო ფლობს.

სალვადორ დალი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილი მას შვილი არ ჰყოლია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე