ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა ხვალ განახლდება

საქართველო, თბილისი - 18:52 | 06.07.2017
ნანახია: 1190

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა ხვალ განახლდება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. 

არსებული ინფორმაციით, დაგემილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენა. ისინი სასამართლომ მოწმის სტატუსით დაიბარა და პლენუმის წევრები მათ შეკითხვებს სისტემასთან დაკავშირებით დაუსვამენ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა 19 ივნისს დაიწყო. სასამართლოს პლენუმი საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის, მათ შორის, ომბუდსმენის სარჩელს განიხილავს. ისინი კანონში სადავო ნორმების გაუქმებას ითხოვენ. დავის ძირითადი საგანია, უგულებელყო თუ არა პარლამენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონის მიღებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო ე.წ. მოსმენების გასაღების ფლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებული დეპარტამენტის მიერ.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაშია და ის საგამოძიებო ინტერესებისგან თავისუფალი ვერ იქნება. მოსარჩელეთა პოზიციას იზიარებს პრეზიდენტი, რომელმაც ფარული მიყურადების შესახებ კანონს ვეტო სამჯერ დაადო, ხოლო ამჯერად სასამართლოს წერილობითი მოსაზრებით მიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე