ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაცია მოახდინოს - თინა ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 17:33 | 20.06.2017
ნანახია: 1663

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციად აფასებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მართავს. 

„ცვლილებები ეხება შემდეგს - ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ ძალიან რთული არჩევნები ელოდება და შესაბამისად, ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაცია მოახდინონ, რათა საარჩევნო პროცესის და შედეგების მანიპულაცია შეძლონ. არსებობს სრული კონსენსუსი ყველა იმ ძალას შორის - იქნება ეს პოლიტიკური თუ არასამთავრობო სექტორი, რომ აღნიშნული ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯია და ის საარჩევნო გარემოს გაუარესებას ემსახურება, ამიტომ ჩვენ საქართველოს პარლამენტში ალტერნატიულ ცვლილებებს დავარეგისტრირებთ და ასევე, მივმართავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არ არის ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, ეს არის ძირეული ცვლილებები და აუცილებელია კონსულტაციები გაიმართოს როგორც არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები რეალურად შეუძლებელს ხდის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე