პოლიცია ლონდონში მომხდარ თავდასხმას ისლამურ ტერორიზმს უკავშირებს

საქართველო, თბილისი - 10:09 | 23.03.2017
ნანახია: 1322

ლონდონის პოლიცია მიიჩნევს, რომ მამაკაცი, რომელმაც ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში თავდასხმა განახორციელა, სავარაუდოდ ისლამურ ტერორიზმთან არის კავშირში.

თავდასხმის შედეგად, რომელსაც ხელისუფლება ტერაქტს უწოდებს, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელიც.

სკოტლენდ-იარდის კონტრტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელის მარკ როულის თქმით, თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გუშინ ავტომობილმა ვესტმინსტერის ხიდზე  ქვეითებს გადაურა, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. შემდეგ მძღოლი ავტომობილით პარლამენტის ღობეს დაეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და დანით თავს პოლიციელს დაესხა. სამართალდამცველი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. პარლამენტის დაცვის წევრებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.

თვითმხილველების აღწერით, თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლის იყო და აზიური გარეგნობა ჰქონდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე