"ძალიან ღიად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე „რუსთავი 2“ -ის და გვარამიას მხრიდან" - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 15:01 | 06.02.2017
ნანახია: 1706

“ძალიან ღიად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე „რუსთავი 2“ -ის და გვარამიას მხრიდან”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზე საუბრობენ.

“ვითარება საკმაოდ გართულდა. როგორც ვხედავთ, ძალიან ღიად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე „რუსთავი 2“ -ის და გვარამიას მხრიდან. ეს არის კლასიკური მაგალითი სასამართლოზე ზეწოლისა. რამდენიმე მოსამართლემ მიმართა გამოძიებას და როგორც საჯარო ინფორმაციებიდან ვრცელდება, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ მათზე ზეწოლას, რომ მიეღოთ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება. ეს არის დასჯადი ქმედება და ველოდებით გამოძიების დასრულებას. შთაბეჭდილება რჩება, რომ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა და ფრონტი გაიხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ორ პარტიას შორის და ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა არასამართლიანი და არასერიოზულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად და არავის მხრიდან არ იყოს ზეწოლა და სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. ჩემთვის მთავარია, სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. მედიის თავისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკურ დონეზე უზრუნველყოფილია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე