გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების 39-ე წლისთავი მიულოცა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 25.12.2016
ნანახია: 1195

ფასდაუდებელია ღვაწლი, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცებისთვის გასწია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების 39-ე წლისთავი მიულოცა.

"დღეს ჩვენი ქვეყანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 39-ე წლისთავს აღნიშნავს. მართლაც ფასდაუდებელია ღვაწლი, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცებისთვის გასწია. მისი წინამძღოლობით აშენდა და აღდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი, ამოქმედდა შორეულ კუთხეებში მიტოვებული ეკლესიები, განახლდა სამონასტრო ცხოვრება",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ისტორიისთვის ამ უმოკლეს დროში, საქართველომ არაერთხელ გამოიარა უმძიმესი პერიოდები და სწორედ ეკლესია და პატრიარქის სიტყვა იყო ამ დროს ყველაზე დიდი იმედი.

"დღემდე სამაგალითოა მისი სულიერი სიმტკიცე, სიბრძნე, თავმდაბლობა, შემწყნარებლობა და მოთმინების უნარი. მთელი გულით ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს გააძლიეროს მისმა ლოცვა-კურთხევამ ჩვენი ქვეყანა",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე