დევნილთა პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ კონფერენცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 29.11.2016
ნანახია: 1380

ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC)  ორგანიზებით თემაზე - „დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი ფაქტორები და პერსპექტივები საქართველოში“  კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფოს გააჩნია სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით, რომელიც სამინისტრომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით შეიმუშავა.

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში დაგეგმილი სიახლეები და ადგილობრივ სერვისებზე დევნილთა წვდომის მექანიზმები.  შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ახალი ინიციატივა, რომელიც  ითვალისწინებს საქართველოში დევნილთა ინტეგრაციის შეფასებას ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციის - იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისის (JIPS) მიერ.

საერთაშორისო კონფერენცია პროექტის „დევნილთა ინტეგრაციის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ,  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  პროექტი მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ  თემებში ინტეგრაციის ხელშეწყობას მათთვის სათანადო სამართლებრივი დახმარებისა და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფის  გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში: ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში განხორციელდა.

შეხვედრას  დევნილებთან ერთად, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე