არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:01 | 18.11.2016
ნანახია: 1368

მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისთვის. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და ვემსახურო ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

„პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების თანმიმდევრული განხორციელება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ქვეყნის დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს და საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვალდებული ვართ ხორცი შევასხათ ქართველი ხალხის ამ არჩევანს და მისწრაფებებს. ამისათვის, უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს”, - განაცხადა კობახიძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე