„ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, მეტი სიმშვიდე და სტაბილურობა" - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 12:06 | 17.11.2016
ნანახია: 1363

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "NATO-საქართველოს სწავლება - 2016"-ს დაესწრო, რომელიც კრწანისში, NATO - საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს. პრეზიდენტი სწავლებისმიმდინარეობას პრემიერთან ერთად გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სწავლებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ემსახურება ასევეგლობალური სტაბილურობის მიზნებს.

„საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ნათელი და მკაფიო ხედვა, როგორც სტაბილურობის, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი. პარტნიორი, რომელსაც გააჩნია უნარი, როგორც საქმით, ასევე პოზიციით დააფიქსიროს თავისი მზადყოფნა გლობალური უსაფრთხოების გასაღრმავებლად.

ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, იმისათვის, რომ მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ.

ქართველი ჯარისკაცები ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც თანამებრძოლებთან ერთად უზრუნველყოფენ გლობალურ უსაფრთხოებას.

მივესალმები ყველას, ვინც ჩამობრძანდა საქართველოში ერთობლივი სწავლების განსახორციელებლად. ეს ცენტრი სწორედ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის თანამშრომლობასა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მიზანს ემსახურება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

მრავალეროვნული სწავლება რიგით მეორეა, რომელიც NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) მიმდინარეობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე