პრეზიდენტმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 04.11.2016
ნანახია: 1527

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩები რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის  წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და აღმატებული ღვაწლისათვის სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

„მინდა აღვნიშნო ამ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენთან ერთად აღარ არიან. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ქართულ დიპლომატიას. ეს ხდებოდა რთულ დროს, ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი რამ ქვეყნის შიგნით არ იყო გადაწყვეტილი. ძალიან ბევრი პრობლემა, ფაქტობრივად, თბილისის ქუჩებში იყო  თავმოყრილი, მაგრამ ქართული სახელმწიფო ხედავდა თავის პრიორიტეტებს და ამ ადამიანებთან ერთად ახორციელებდა იმ უმნიშვნელოვანესი სამსახურის გაძლიერებას და განმტკიცებას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოს მომავალს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი დიპლომატების ოჯახის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებთან შეხვედრისას გადასცა. სტუდენტებთან შეხვედრა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე