სამართლიანი არჩევნები: ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის

საქართველო, თბილისი - 10:25 | 09.10.2016
ნანახია: 1313

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების შედეგად, ხმის დათვლის პროცესში რამოდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევებს, მათ შორის ძალადობის ფაქტებს, რამაც ამ უბნების შედეგების ბათილობის საკითხი დააყენა. მიუხედავად აღნიშნულისა, ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე მიღებული მონაცემებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები  იყო ცალკეული იზოლირებული შემთხვევები და მას არ შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონოდა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.

ხმის დათვლის პროცესის PVT შეფასება

ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 52.9% შეადგინა, ცდომილების ზღვარი არის +/- 0.9%,  რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც ამომრჩეველთა აქტივობა 60.9% იყო.

საარჩევნო უბნების 97.9%-ზე ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც ახლოს არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა (98%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემებთან (96.6%).

ხმის დათვლის პროცესში საარჩევნო უბნების 99.9% არ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები, რაც სტატისტიკურად განსხვავებული არ არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა (98.8%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით (99.7%).

საარჩევნო უბნების 99.7%-ზე საარჩევნო მასალები საოლქო საარჩევნო კომისიებში გადასაგზავნად დაილუქა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რაც ასევე მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან (99.5%) და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით ( 99.0%).

საარჩევნო უბნების 2.9%-ზე არ იმყოფებოდნენ არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. საარჩევნო უბნების 89.1%-ზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები. აღნიშნული უბნების 88.7%-ზე საარჩევნო სუბიექტების მიერ საჩივარი არ დაწერილა. საარჩევნო უბნების 87.6%-ზე იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. აღნიშნული უბნების 87.9%-ზე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ საჩივარი არ დაწერილა. „დავით თარხან - მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნების 61,3%-ზე, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები - საარჩევნო უბნების 56.6%-ზე და სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები - საარჩევნო უბნების 86.2%-ზე.

პროპორციული სისტემით არჩევნების PVT შედეგები

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად მიიღო ინფორმაცია PVTუბნებზე დამკვირვებლების 99.7%-ისგან.

„სამართლიანი არჩევნების“ PVT შედეგების მიხედვით,„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 25.9%-სა და 27.7%-ს შორის.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, გადალახა თუ არა აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა 5%-იანი ბარიერი.

ხმების პარალელური დათვლის შედეგები იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებმაც ხმები 1%-ზე მეტი დააგროვეს მოცემულია ცხრილში.  PVT შედეგები მოცემულია 95% სანდოობით.

 

საარჩევნო სუბიექტი

გამოთვლილი პროცენტი

ცდომილების ზღვარი

მინიმალური შედეგი

მაქსიმალური შედეგი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

49.1%

0.9%

48.2%

50.0%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

26.8%

0.9%

25.9%

27.7%

დავით თარხან - მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია

4.9%

0.3%

4.6%

5.2%

ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები

4.6%

0.3%

4.3%

4.9%

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის

3.5%

0.3%

3.2%

3.8%

ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

3.4%

0.2%

3.2%

3.6%

შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული მოძრაობა

3.1%

0.2%

2.9%

3.3%

უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

1.5%

0.1%

1.4%

1.6%

აღსანიშნავია, რომ პროპორციული სისტემის არჩევნებისთვის საერთო ჯამში 3702 საარჩევნო უბანია. საშუალოდ, თითოეულ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 950 ამომრჩეველი. შესაბამისად, ცალკეული საარჩევნო უბნების შედეგები ვერ მოახდენს ზეგავლენას არჩევნების პროპორციული სისტემით ერთიან შედეგებზე. თუმცა, ცალკეული საარჩევნო უბნების შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შედეგებზე.

ხმის დათვლის პროცესთან დაფიქსირებული დარღვევები

უბანზე არეულობა

  • #66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) #79 საარჩევნო უბანზე დაახლოებით 23:45 საათზე, ხმის დათვლის პროცესის დროს, უბანზე 10-მდე უცხო პირი შეიჭრა. აღნიშნულმა პირებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ძირს დაყარეს ბიულეტენები და ინვენტარი დაამტვრიეს. ერთ-ერთ დამკვირვებელზე მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება - მას წაართვეს და დაუმტვრიეს მობილური ტელეფონი.
  • #64 მაჟორიტარული ოლქის (ხობი) #37 საარჩევნო უბანზე დაძაბული სიტუაციის გამო მობილიზებული იყო პოლიცია, სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარება. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მიეცა საშუალება შესულიყო უბანზე და გაცნობოდა იქ არსებულ მდგომარეობას. ამასთან, აღნიშნულ უბანზე შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი - კერძოდ, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა არ ემთხვევა გაცემული ბიულეტენების რაოდენობას.
  • #66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) #38 საარჩევნო უბანზე, ყუთის გახსნის შემდეგ, ხმების დათვლის პროცესში, სავაარაუდოდ, ხდებოდა დამატებითი ბიულეტენების შერევა და გარკვეული დროის განმავლობაში ბიულეტენები ძირს ეყარა.
  • #69 მაჟორიტარული ოლქი (ბათუმი) #1 საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა ქაოტურად, ხმაურის ფონზე. თავმჯდომარე ვერ აკონტროლებდა კომისიის მუშაობას, ამასთან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი უშუალოდ მონაწილეობდა ხმის დათვლის პროცესში.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • #20 მაჟორიტარული ოლქის (გლდანი) #11 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების უფლება არ მისცეს. დარღვევა ოლქში საჩივრის წარდგენის შემდეგ აღმოიფხვრა.
  • #49 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) #77 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლებს უფლება არ მისცა ურთიერთშეთანხმებით შეერჩიათ ბიულეტენების დათვლაზე მეთვალყურეები.
  • #66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) #93 საარჩევნო უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დამკვირვებელს არ მისცა უფლება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნახვის და გადამოწმების უფლება. ამასთან, დამკვირვებელს შეეზღუდა წიგნში შენიშვნის გაკეთების შესაძლებლობა.

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა

  • #24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) #13 საარჩევნო უბანზე პროპორციულ და მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმებში ამომრჩეველთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა;
  • #24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) #51 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში ერთ-ერთმა კომისიის წევრმა ხელი შეცდომით მოაწერა;
  • #40 მაჟორიტარული ოლქის (ქარელი) #4 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები შესწორების ოქმის თანდართვის გარეშე ჩაასწორეს;
  • #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #11 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მონაცემი შესწორების ოქმის გარეშე. ამასთან, შემაჯამებელ ოქმში არასწორად იყო დათვლილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ხმების რაოდენობა;
  • #44 მაჟორიტარული ოლქის (ახალციხე) #19 საარჩევნო უბანზე პროპორციული შედეგების შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;
  • #51 მაჟორიტარული ოლქის (ბაღდათი) #10 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული შევსების დრო და კომისიის ბეჭედი;
  • #60 მაჟორიტარული ოლქის (ლანჩხუთი) #33 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა შეცდომით არის მითითებული;
  • #66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) #95 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმზე არ იყო შედგენის თარიღი და ბეჭედი;
  • #21 მაჟორიტარული ოლქის (გლდანი) #61 საარჩევნო უბანზე, #31 მაჟორიტარული ოლქის (გარდაბანი) #31-ე და #43-ე საარჩევნო უბნებზე, #40 მაჟორიტარული ოლქის (ქარელი) #40 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმები არ იყო დამოწმებული ბეჭდით.

მასალის დალუქვის წესის დარღვევა

  • #40 მაჟორიტარული ოლქის (ქარელი) #19 საარჩევნო უბანზე გამოუყენებელი ბიულეტენები არ დაილუქა;
  • #48 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) #116 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთები გაიხსნა სამაგიდო სიების, გადასატანი ყუთის სიისა და სპეციალური სიის დალუქვამდე.
  • #60 მაჟორიტარული ოლქის #1 საარჩევნო უბანზე გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს არ ჩამოეჭრა ყუა და შენიშვნის სახით არ მიეთითა - „გამოუყენებელი“.

განსხვავება ბიულეტენებისა და ხელმოწერები რაოდენობაში

  • #54 მაჟორიტარული ოლქის #12 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტი აღმოჩნდა სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. აღნიშნული ფაქტზე შედგა ახსნა -განმარტების აქტი.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო კომისიებში წარდგენილია94საჩივარი,120საჩივარიაწარდგენილი საოლქო კომისიებში. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია151შენიშვნა

„სამართლიანი არჩევნები“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ნახოთ არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევებია ასახული საარჩვენო რუკაზე.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარების მეშვეობით აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 20 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებდა დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადიოდა რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდებოდა მონაცემთა ანალიზი და მათი ასახვა ორგანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირისა (EU) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).   განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ევროკავშირის ან NED-ის  შეხედულებებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე