სოფელ ზედა უსახელოში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება

საქართველო, თბილისი - 10:53 | 11.07.2016
ნანახია: 1284

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 10 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა უსახელოს მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და პროცესის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 34 სოფლის მოსახლეობას. მიმდინარე წელს უკვე გაიხსნა ექვსი საზოგადოებრივი ცენტრი, ათი ცენტრის  მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

სოფელ ზედა უსახელოში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას 2016 წლის  06 აპრილიდან ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ბანი 2007“ აწარმოებს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის 452 754,10 ლარია გამოყოფილი.  ცენტრის გახსნა უახლოეს ხანში იგეგმება.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე