„ღვთით, შეუმღვრეველი“ მეგობრობა _ ანა კალანდაძე და ზინაიდა კვერენჩხილაძე
საქართველო, თბილისი - 11:03 | 09.06.2016 ნანახია: 52316
„ღვთით, შეუმღვრეველი“ – ასე უწოდა ანა კალანდაძემ თავის მეგობრობას ზინაიდა კვერენჩხილაძესთან. ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: პიროვნული თვისებები, ხასიათები, საქვეყნო საქმის მიმართ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და უმაღლესი პასუხისმგებლობით გამოხატული დამოკიდებულება. არ შეეძლოთ ღალატი, ფარისევლობა, პირფერობა. არც ერთს არ ჰქონია თანამდებობა, გავლენა; არ ჩარეულან პოლიტიკურ ცხოვრებაში; ორივე მათგანის ცხოვრებას განსაზღვრავდა უმკაცრესი შინაგანი მორალური კოდექსი; მათი პირადი ცხოვრება მათივე შემოქმედება და მამულის უანგარო მსახურება იყო. ორივენი მძაფრად განიცდიდნენ ერის გადაგვარების, ქართული ენის შერყვნის, ახალგაზრდობის გამოთაყვანების, უგემოვნობის, უწიგნურობის, უკულტურობის დამკვიდრების მიზანმიმართულ პოლიტიკას. ორივეს ჰქონდა საერთო საფიცარი ხატი, წმიდათაწმიდა სალოცავი _ ქართული ენა. „არა მგონია, ბილწსიტყვაობა, რომელიც დღეს ასე თავმოწონებით იკიდებს ფეხს ჩვენს მწერლობაში, მწერლის ენობრივი თავისუფლების მაჩვენებელი იყოს. მას ნარკომანიაზე ნაკლები ზიანი არ მოაქვს“ _ წერდა ანა; ზინაიდა კვერენჩხილაძესაც მხოლოდ ენის წიაღში, სიტყვის მადლითა და განცდით სწამდა ადამიანად ჩამოყალიბება. ის ერთ თავის წერილში „გადავარჩინოთ მომავალი“ ასეთ გზას სახავდა: „ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ბავშვს უფლის მიერ ნაჩუქარი სიმდიდრე... ბალავარად ვუქციოთ, მოზარდმა მასზე დაყრდნობით ღვთის მადლი და სიკეთე შეიგრძნოს, ჩვენი მშობლიური ენის, ქართული სიტყვის ძალა და მშვენიერება შეიმეცნოს, გონების ნათელთა ნათელს მიეახლოს, „გული წმინდა დაჰბადოს“, ადამიანში ადამიანი აღმოაჩინოს და მისადმი სიყვარულში შეიცნოს თავისი თავიც“.
გასაოცარი ლირიზმით, გრძნობითა და გატაცებით კითხულობდა ზინაიდა კვერენჩხილაძე ანა კალანდაძის ღვთაებრივ პოეზიას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯერ კიდევ მაშინდელ პიონერთა სასახლეში „საქართველოო ლამაზოთი“ დაიწყო მსახიობის მოღვაწეობა მხატვრულ კითხვაში სერგო ზაქარიაძის ხელმძღვანელობით. პოეტის ყოველი სტრიქონი მსახიობის შთაგონება, აზროვნების წესი და რიგი, სულის მოძრაობა იყო. ზინაიდა კვერენჩხილაძის შემოქმედება მზეობდა ანა კალანდაძის პოეზიით. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადაიკვეთა ეს გზები. საკმარისია გავიხსენოთ: გრამფირფიტა ,,ანა კალანდაძე, პოეზია”, ჩაწერილი 1981 წელს თბილისის გრამჩამწერ სტუდია „მელოდიაში“; ტელევიზიის ლიტერატურული პროგრამების რედაქციის გადაცემა „ანა კალანდაძე, პოეზია“ (საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეპროგრამების არქივი, #F6-2017); რადიოს ოქროს ფონდში დაცული ჩანაწერები (ოქროს ფონდი, ფირები: #42215; #60112); ასევე, ლიტერატურული სპექტაკლი „ანა“ – მსახიობის სახლში (რეჟისორი მარინე ჯიქია); საკონცერტო გამოსვლებზე ახმიანებული პოეტის არაერთი შედევრი. მსმენელს ატყვევებდა მსახიობი, რადგან იგი ზუსტად გრძნობდა ავტორის სუნთქვას, გულის ცემას. ანა კალანდაძის მაღალი პოეზია, ზეციური სულით შთაბერილი, გახდა საფუძველი ზ. კვერენჩხილაძის პროფესიონალიზმის ცხადყოფისა. განსაკუთრებული ექსპრესიითა და გრძნობით კითხულობდა წმინდა ნინოს, შუშანიკისა და ქეთევანისადმი მიძღვნილ ლექსებს: ,,უდრეკ იყო დედოფალი!” _ ისეთი ინტონაციით ამბობდა, თითქოს არ გაძლევდა ზნეობრივ კომპრომისზე წასვლის უფლებას. ასე იყო უმრავლეს შემთხვევაში. „პოეტის ენით გვესაუბრებოდა ყველას და თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე, ანასეული ლექსის სილამაზითა და სიღრმით შემოგვატარა მრავალჭირნახული საქართველოს ყველა კუნჭული; შეგვახსენა, რა სიმდიდრისა და ისტორიის პატრონები ვართ და დაგვაჯერა, რომ მხოლოდ აქ შეიძლებოდა დაბადებულიყო ,,სულიკო”, ლელა, ალუდა, ონისე.... სწორედ აქ უნდა გაფრენილიყო ,,მერანი”, თითქოს მშვიდად წარმოთქმული, მაგრამ შთაგონებით აღმომხდარი „საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?“ ამაღლებულად გადაეცა დარბაზს როგორც შემოძახილი: _ გავუფრთხილდეთ, ,,გვიყვარდეს საქართველო ყველაფერზე მეტად!” _ წერდა ი. ნასარიძე.
ანა კალანდაძისა და ზინაიდა კვერენჩხილაძის მეგობრობა იყო სკოლა ორი დიდი შემოქმედის ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულისა. მათი ურთიერთობა XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, როცა ორივენი თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატები იყვნენ. თავად ანა კალანდაძე ასე იგონებდა: „მე და ზინა კვერენჩხილაძემ ქალაქის დეპუტატად ყოფნისას გავიცანით პირადად ერთმანეთი, ჩვენი მეგობრობა აქედან მოდის და დღემდე, ღვთით, შეუმღვრეველია“.
ჩემთვისაც ცნობილი იყო ამ „შეუმღვრეველი“ მეგობრობის შესახებ და ჯერ კიდევ 1991 წელს, როდესაც სტუდენტი ვიყავი და გატაცებით ვმუშაობდი წიგნზე „მსახიობის სიტყვათმეტყველება“, რომელიც ზინაიდა კვერენჩხილაძის მხატვრული კითხვის ფენომენს ეხებოდა, დავურეკე ანა კალანდაძეს და ვთხოვე, რაღაც დაეწერა მის შესახებ. დამპირდა, რომ ორ კვირაში მზად ექნებოდა თავისი ნააზრევი. გავიდა დრო. დამირეკა ქალბატონმა ზინამ და მთხოვა:
_ თუ ჩემთან ურთიერთობა რამედ გიღირს, რასაც გეტყვი, შემისრულე! ვიცი, რომ ანა კალანდაძე ჩემ შესახებ რაღაცას წერს და საშინლად იტანჯება. იმასაც ვხვდები, რომ ეს შენგანაა ინსპირირებული. დაურეკე და უთხარი, რომ მისი წერილი აღარ გჭირდება ან რამე მოიგონე და გაათავისუფლე ამ წვალებისგან!
თავდაპირველად ვერ მივხვდი, რატომ იყო ასეთი კატეგორიული მსახიობი. ის არასოდეს ჩარეულა იმაში, თუ რას დავწერდი ან ვის დავაწერინებდი... ახლა ფაქტის პირისპირ დამაყენა. რაღა უნდა მექნა, ხათრი ვეღარ გავუტეხე და ასე გავქრი ანა კალანდაძის ცხოვრებიდან. მხოლოდ 1996 წელს გამოცემული მისი კრებულით შევიტყვე, რომ ჩემი თხოვნა შეასრულა და კიდევ ერთი წერილით გაამდიდრა თავისი პროზაული ჩანაწერები. პოეტმა თხზულებათაAკრებულის მეორე ტომში დაბეჭდა „თეთრ ბედაურზე“, რომელიც დათარიღებული აქვს 1992 წლით. ამის შემდეგ გავბედე და გამოვჩნდი ქალბატონ ანასთან, მოვუბოდიშე...… გაიღიმა მხოლოდ, არაფერი უთქვამს!
ანა კალანდაძე ამ წერილში ასე აფასებს ზინაიდა კვერენჩხილაძის სიტყვათმეტყველებას, მისი მხატვრული კითხვის ტექნიკასა და სიტყვის განცდას: „მისი კითხვის თავისებური მანერა მისივე ბუნების სრული ანარეკლია, ანარეკლია სულისა, რომელიც უფრო სიღრმეებს ეტანება, უფრო სიღრმეებს სწვდება“.
მათი ურთიერთობა სულთა თანაზიარობა იყო! საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთხელაც ზინაიდა კვერენჩხილაძემ ლექსი მიუძღვნა. მართალია, წაკითხვა ვერ გაუბედა, მაგრამ კონვერტით გადასცა. ანა კალანდაძის წინაშე ასეთი ტაეპები გაცოცხლდა:
„ანაო, ანა-ბანაო,
გოგო ხარ შვლისა დარაო,
წამო, შატილში ავიდეთ,
ღრუბლებზე გავინანაოთ“
ანას ერთობ მოსწონებია ზინას გულიდან ამოძახილი და ხუმრობით უთქვამს: იმის მაგივრად, რომ მე მიმეძღვნა მისთვის ლექსი, თავად არ დამასწრო!!!
ერთხელ პოეტს საკუთარ დღიურში ჩაუწერია ათეული ყველაზე პატიოსანი ადამიანებისა. მეათე ნომერი შეუვსებელია. ალბათ, გასაგებია, ვისაც გულისხმობდა! დანარჩენ ცხრა ადამიანთა შორის დასახელებული ჰყავს ზინა კვერენჩხილაძე. არ უნდა იყოს ეს ფაქტი შემთხვევითი და ამის შემდეგ არც არავის გაუკვირდება, თუ რა განსაზღვრავდა მათს მეგობრობას, რა იყო საფუძველი ამ ურთიერთობისა. დღიურებში ა. კალანდაძეს ჩანიშნული აქვს შთაბეჭდილებები რუსთველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის მიერ 1968 წელს დადგმული სპექტაკლიდან „ანტიგონე“. ის რეპეტიციასაც დასწრებია და ვერ მალავს აღფრთოვანებას იმის გამო, რაც იქ ნახა და განიცადა. „დღეს ზინამ დამირეკა, საათ-ნახევარი ვისაუბრეთ“ _ ჩაუწერია დღიურში. და ასეთი რამდენი საათნახევრიანი საუბარი, ერთად გატარებული ბედნიერი წუთები პოეზიის საღამოებზე, შეხვედრებზე ღია ცის ქვეშ თუ დახურულ დარბაზებში, ერთმანეთობის სიხარული ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეკრებებზე, მეგობრულ წრეში, ჭირსა თუ ლხინში...
ანა კალანდაძის მიერ ზინაიდა კვერენჩხილაძის შესახებ დაწერილი „თეთრ ბედაურზე“ ბევრი რამით გახდა მნიშვნელოვანი. მასში ზუსტადაა დანახული და შეფასებულიM“მფარველსა და პატრონს მოკლებულ მინდვრის ყვავილსა და სითბოდაფრქვეულ ბაღის მცენარეს“ შორის განსხვავება, მსახიობის უკომპრომისო, შეუპოვარი ცხოვრებისა და ხასიათის თავისებურებანი... ამასთანავე, კარგადაა ნაჩვენები ორი დიდი ხელოვანის მამულიშვილური დამოკიდებულება საქვეყნო საქმისადმი.
მათი „ღვთით, შეუმღვრეველი“ მეგობრობა, როგორც ზემოთ ვთქვით, ჯერ კიდევ 1964 წელს დაწყებულა თბილისის საქალაქო საბჭოში. ორივენი ირიცხებოდნენ კულტ.საგანმანათლებლო მუშაობის მუდმივ კომისიაში. იმ წლებში სწორედ ამ კომისიის შუამდგომლობით ქალაქის საბჭომ ხელი მიჰყო თბილისის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების გათავისუფლებას საქმოსანთა მიერ მოწყობილი საამქროებისა და კერძო მცხოვრებლების მინაშენებისაგან.Aანა კალანდაძე იგონებს: „მოაშორეთ კულტურის ძეგლებს ეს სიბინძურეო, _ გვწერდა წმინდა სამების ეკლესიის წინამძღვარი. Dდარეჯანის კარის ეკლესიაში ჭაღების საამქრო იყო გახსნილი, რომელიღაც სალოცავში კი _ პარფიუმერიის არტელი (როგორც იტყვიან, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია!“. სწორედ ამ „ეშმაკების“ განდევნისთვის აენთნენ, დღე და ღამ ვერ ისვენებდნენ, დაიდოდნენ თბილისის პატივაყრილ ეკლესია-მონასტრებში, წერდნენ და ადგენდნენ ოქმებს, იმ ბნელ დროში ითხოვდნენ შემოგარენის სასწრაფოდ გათავისუფლებას, ეკლესიის დაცვასა და გადარჩენას. სადაც კი შესაძლებელი იყო, გაუქმებულ ტაძარებს უვლიდნენ. თავისთავად, ეს ფაქტიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ აგრესიული ათეიზმის, ტოტალიტარული სახელმწიფოს რეჟიმის დროსაც კი საქმით როგორ ამოწმებდნენ ღვთის რწმენასა და სიყვარულს დიდი პოეტი და ტრაგიკოსი მსახიობი,
სიმბოლურია ისიც, რომ ერთი მამადავითზე განისვენებს, მეორე _ მცხეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ეზოში.
საბა მეტრეველი
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















