დავით ბერძენიშვილი: რეალურად ჰაერში ტრიალებს 200 ათასი დოლარი... ყველაფერი დასადგენია
საქართველო, თბილისი - 11:05 | 15.12.2015 ნანახია: 2056 პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. იგი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარალმენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად პროკურატურაში დაკითხა. საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, სწორედ ე.წ. კოკაინის საქმეა.
„მე ვიყავი ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ. ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი. ათეულობით საჩივარი მაქვს დაწერილი და როგორც მაშინ მჯეროდა, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, დღესაც ვფიქრობ, რომ ამ საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს. ანალოგიური მოთხოვნით მთავარი პროკურორისთვისაც არაერთხელ ოფიციალურად მიმიმართავს, რადგან პატიმრების ნათესავები ამას ჩემგან, როგორც დეპუტატისგან ითხოვდნენ. შეწყალების კომისიაშიც ვგზავნიდი რეკომენდაციას, რადგან ვფიქრობ, ამ ადამიანებმა სამართლებრივი მისაგებელი ვერ მიიღეს. ერთადერთი გზა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეწყალება იყო“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არც იმას უარყოფს, რომ შესაძლოა, შეწყალების კომისიაში გაგზავნილი განცხადების ბედთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილისთვის დაერეკა. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, „პრაიმნიუსჯორჯია“ საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრს, „რესპუბლიკელ“ დავით ბერძენიშვილს ესაუბრა:
-ნუგზარ ბოჭორიშვილს, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს ჰქონდა მოთხოვნა, მისი საქმე პარლამენტში, პოლიტპატიმართა სიაზე მომუშავე კომისიის სხდომაზე გასულიყო. იმის მიუხეადავად, რომ მანანა კობახიძემ და ეკა ბესელიამ პროკურატურას ჩვენება მისცეს, ეს უკანასკნელი საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს. თქვენი აზრით, შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე წამოწყებული პროცესი არის მხოლოდ სისხლის სამართლებრივი საკითხი, თუ არის პოლიტიკური ავანტიურა, როგორც ეკა ბესელია და უმრავლესობის სხვა წევრები მიიჩნევენ?
-მე ასეთი ტერმინებისგან თავს შევიკავებ, ეს არის პროცესი და სიმართლე საბოლოოდ გამოჩნდება. მგონია, რომ პროკურატურისთვის განსაკუთრებით რთული არ იქნება ფაქტების დადგენა. არავინ უარყოფს და უკვე საჯაროდ გაჟღერდა, თურმე, ნუგზარ ბოჭორიშვილისა და ანასტასია ზაუტაშვილის ყოფილი ადვოკატები ინტერესდებოდნენ მათი საქმეებით. მანანა კობახიძისკენ გაშვერილი ხელი მე არ მინახავს. მან თვითონ დაადასტურა, რომ ოფიციალურად მიუმართავს შეწყალების კომისიისთვის და შემდეგ მოიკითხა ეს საქმე. რაც შეეხება ეკა ბესელიას, ალბათ, არც ის უარყოფს, რომ საქმის მიმდინარეობით ინტერესდებოდა. მეტს ვერაფერს გეტყვით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ სასამართლოზე მიდგება საქმე, იგი იმისთვის არსებობს, რომ ფაქტებით სიმართლე დადგინდეს. რეალურად ჰერში ტრიალებს 200 ათასი დოლარი, რას წარმოადგენს ეს თანხა, არსებობდა თუ არა, ვინმე ბრალს სდებს პარლამენტის წევრებს ამ 200 ათასის რაიმე სახის მიმოქცევაში... ყველაფერი დასადგენია და გასაგებია, რომ ის ადამიანები, რომლის ადვოკატებიც სხვადასხვა დროს იყვნენ დღევანდელი პარლამენტის წევრები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რას ამბობენ. არ ვიცი, ამ ამბების წამოწევის შემდეგ ანასტასია ზაუტაშვილი უკვე დაიკითხა თუ დაიკითხება, ეს ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესია და რაზეც ინფორმაცია არ მაქვს, ვერაფერს ვიტყვი.
-ბოჭორიშვილი თქვენი პარტიის წევრი იყო. აქედან გამომდინარე თუ მონაწილეობთ საგამოძიებო პროცესში, თუ აპირებთ რაიმე ჩვენების მიცემას?
-რაც შეეხება ბოჭორიშვილს, რომელიც დიდი ხანია ქვეყანაში არ იმყოფება, მისმა ადვოკატმა თავის დროზე ითხოვა ცნობა, ჩვენ გავეცით ცნობა, ვიდრე ძველი საქმის შესწავლა დაიწყებოდა და რის გამოც ზაუტაშვილი ციხეში ზის. ბოჭორიშვილი იყო რესპუბლიკური პარტიის რიგითი წევრი, მას რაიმე პარტიული თანამდებობა არ ეჭირა, გავეცით ცნობა, როდის შემოვიდა და როდის გავიდა პარტიიდან. ამიტომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ მის ყოფნას, ამ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს და ბოჭორიშვილის ჩვენს პარტიაში ყოფნა არასდროს დაგვიკავშირებია სამართალდამცავების მისით დაინტერესებასთან. შესაძლოა, ბოჭორიშვილის ადვოკატის ინტერესებში იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმოჩენა პოლიტიკური პარტიული ანგარისშწორებისთვის ბოჭორიშვილთან მიმართებაში. „რესპუბლიკელები“ ამას ვერ ვადასტურებდით და ვერც ახლა ვადასტურებთ, რადგან მას ჩვენს პარტიაში პოლიტიკური საქმიანობა არ უწარმოებია. ამ მიზეზის გამო, ბოჭორიშვილი ვერ მოხვდებოდა ვერც პოლიტიკური პატიმრების ამნისტიის სიაში და არც მოხვედრილა. აღნიშნულის გამო, „რესპუბლეკელების“ ხსენება ამ საქმესთან, ცოტა არ იყოს, არაკორექტულია. „რესპუბლიკური პარტიის“ გადმოსახედიდან ნუგზარ ბოჭორიშვილის მიმართ პოლიტიკური ანგარისშწორების საკითხი არასდროს დამდგარა და ახლა ჩვენი სახელის ხსენება იმის გამო, რომ ამჟამად დასავლეთში გაქცეული ბოჭორიშვილი მცირე ხნით „რესპუბლიკური პარტიის“ წვერი იყო, ძალიან ზედმეტი გახსენებაა.
-შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები არის თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული, როგორც ამას თქვენი კოლეგების ამბობენ, ან ვინ შეიძლება იდგეს ალეკო ელისაშვილის უკან?
-მე ვერ შევაფასებ, რადგან პირადად ალეკო ელისაშვილის საქმეა, სად რას იტყოდა და როგორ იტყოდა. ის, რომ ყოფილი ადვოკატები ნამდვილად იჩენდნენ ინტერესს ზაუტაშვილის მიმართ, დღეს დასტურდება. მე მხოლოდ საჯარო ინფორმაციით შემიძლია ვილაპარაკო და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვილაპარაკოთ, რომ ეს ინტერესი კანონს მიღმა იყო. მანანა კობახიძეს, რა თქმა უნდა, უფლება ჰქონდა და როგორც თავად ამბობს, წერილობით მიმართა და შემდეგ დაინტერესდა რა სტადიაში იყო ამ მიმართვის განხილვა. ეს რა თქმა უნდა, არანაირი ტიპის დანაშაული არ არის.
-როდესაც საუბარი ეხება შეწყალების სახელმწიფო კომისიაზე ზეწოლას მაღალჩინოსნების, იგივე პარლამენტარებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები მხრიდან და დღეს არავინ უარყოფს, რომ ასეთი ზარები სხვადასხვა დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო და არის, ზოგადად, თუ შეიძლება ამ ფაქტების ზეწოლად შეფასება?
-ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა ვითარებაში, როდის რა იყო, ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია. მანანა კობახიძემ რაც თქვა, ამას მე ზეწოლად ვერ ჩავთვლი. ვნახოთ, როგორ მოიქცევა პროკურატურა, რამდენად დარწმუნდება საზოგადოება, რა დასკვნასაც დადებს პროკურატურა, მოქმედებაც შესაბამისი იქნება.
-ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, „ქართული ოცნების“ რეიტინგი მანიშვნელოვნად დაცემულია იმასთან შედარებით, როგორიც მას 2012 წლის საპარალემნტო არჩევნების წინ. მომავალ საპარამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში როგორ წარმოგიდგენიათ ამ კოალიციაში საკუთარი როლი და მოსალოდნელი შედეგები? მოიაზრებთ თუ არა, თავს ისევ იმ ფორმატში, იმ კონტექსტის გათვალსიწინებით, რაც ბოლო წლებია „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით აქტიურად ისმის?
- ამ კოალიციის შექმნის დღიდან კითხვების ობიექტი მუდმივად არის რესპუბლიკური პარტია, რაც უკვე მოსაბეზრებელი გახდა. კიდევ რამდენ ხანს დარჩებით კოალიციაში, გუშინ უნდა წასულიყავითო და ამასობაში, სამი წელი გავიდა, რაც ჩვენი პარტია კოალიაცია „ქართულ ოცნებაშია“. ჩვენ ვგეგმავთ, კოალიციური შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო ბლოკის შექმნას და ჩვენთვის პრიორიტეტულია სხვა პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ერთიანი საარჩევნო ბლოკით გასვლა არჩევნებზე. რაც შეეხება, „რესპუბლიკური პარტიის“ როლს და ფუნქციას, რაც დრო გადის კოალიციაში „რესპუბლიკელების“ პასუხისმგებლობა კი არ მცირდება, არამედ იზრდება. სწორედ „რესპუბლიკელების“ ინიციატივით, პირველად საქართველოს ისტორიაში მთავრობა ორპარტიული გახდა. მრავალპარტიული მთავრობა 2014 წლის მაისამდე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და ძალიან წარმატებული კომიტეტის თავმჯდომარეები პარლამენტიდან მთავრობაში გავუშვით, სადაც ასევე კარგად საქმიანობენ. დღეს მთავრობა „ქართული ოცნების“ და „რესპუბლიკელების“ მინისტრებისგან შედგება. ჩვენი ჩვენი წილი არსებულ ხელისუფლებაში გავზარდეთ და ორიენტირებული ვართ კოალიციურ შეთანხმებაზე სხვა პარტნიორებთან. რაც შეეხება რეიტინგს, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ძალიან რეტინგული არის ოპოზიციაში ყოფნის დროს და ამარცხებს არსებულ ხელისუფლებას, ბუნებრივია, შემდეგ ნელ-ნელა რეიტინგს კარგავს. ძალიან პოპულარული იყო მიხეილ სააკაშვილი 2003-04 წლებში, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, ის გაყალბებული პრეზიდენტი იყო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რეალურად მას არ მოუგია. რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, კოალიციამ როგორც 2013, ისე 2014 წლებში ძალიან სუფთად ჩატარებულ არჩევენებში ხმების ნაკლები რაოდენობა მივიღეთ, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ შესამჩნევი უპირატესობით გავიმარჯვეთ. ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ ჯერჯერობით არ გამოჩენილა რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღეს ნაკლებია, ვიდრე ის იყო რამდენიმე წლის წინათ. ის გამორჩეულად და გამოკვეთილად არის პირველ ადგილზე და ამჟამად, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკურენცია მოუხდება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მეორე ადგილზე გასასვლელად, ანუ ოპოზიციაში ლიდერობისთვის. ეს არის დღევანდელი რეალობა. რა იქნება ერთი წლის შემდეგ, გამოჩნდება თუ არა რომელიმე მძლავრი, მოულოდნელად ახალი პოლიტიკური ძალა, ძნელი სათქმელია. აგერ, ოთხმა „ნაციონალმა“ დეპუტატმა შექმნა პოლიტიკური ჯგუფი, პაატა ბურჭულაძეც ქმნის თუ არ ქმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, მე ვიცი, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მოძრაობა არასამთავრობო სექტორის ერთ ჯგუფში, ხომ არ შეექმნათ მათ პოლიტიკური პარტია. ასე რომ, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სოკოებივით გამოჩნდება პოლიტიკური პარტიები. ჯერეჯრობით, არცერთ მათგანს, არც არსებულ და არც მოსალოდნელ შესაქმნელ ოპოზიციურ პარტიას რაიმე სერიოზული განაცხადის გაკეთების საშუალება არა აქვს, რომ იქნება მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა, მაგრამ ოპოზიციის შიდა განაწილებაში, რა თქმა უნდა ცვლილებები მოსალოდნელია.
- პირად საუბრებში უმრავლესობის წევრებიც ადასტურებენ, რომ მომავალ საარჩევნო სიაში ბევრი ამჟამინდელი დეპუტატი აღარ იქნება, თუმცა, მათ აქვთ მიღებული გარანტიები, რომ პროფილურად ისინი მომავალ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმდებიან. თქვენს პარტიაში როგორი შეთანხმება არსებობს?
-მე არ ვიცი, რა ხდება ჩვენს პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებში, „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო სიას თავად ადგენს. პარტიაში განახლებები მუდმივად არის და რა როგორ იქნება, ეს დამოკიდებულია პარტიის ხელმძღვანელობასა და უპირველესად, ამომრჩეველზე. „რესპუბლიკური პარტიის“ განახლების პროცესი თავლნათლივ ჩანს ბოლო ხანებში, თამარ კორძაიას და თამარ ხიდაშელის სახით, ფრქაციამაც და პარტიამაც მნიშვნელოვანი შენაძენი მიიღო. ეს ასევე იქნა აღქმული რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, სადაც 1500 ადამიანმა პარტიაში შემოსული ეს ორი კვალიფიციური დეპუტატი პირველ ათეულში შეიყვანა.
„პრაიმნიუსჯორჯია“, ხათუნა ხატიაშვილი
პოლიტიკა
- პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს