აჭარის მთავრობა და Batumi Sea Port Limited-ი საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვისაც ითანამშრომლებენ

საქართველო, თბილისი - 11:36 | 07.12.2015
ნანახია: 2319

აჭარის მთავრობა და Batumi Sea Port Limited- საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვისაც ითანამშრომლებენ. Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი ჟანატ კუსაინოვი ამბობს, რომ კრუიზული გემებისთვის ტარიფი 20 ცენტია, ანუ მათთვის 80 %-იანი ფასდაკლებაა. თუმცა იმისათვის, რომ პორტის მენეჯმენტმა დამატებითი ინვესტიციის ჩადება განახორციელოს, ის შემხვედრ ნაბიჯებს მთავრობისგანაც ელოდება. საუბარია წლების წინ დაწყებულ მოლაპარაკებებზე, რომლის მიხედვითაც, პორტი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის სანაცვლოდ გარკვეულ მიწის ნაკვეთს მიიღებს, სადაც სამომავლოდ საკუთარ ბიზნესს განავითარებდა და დამატებით ინვესტორებსაც შემოიყვანდა.

 აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის პორტის მენეჯმენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას მე-10 და მე-11 ნავმისადგომის რეაბილიტაციაზე და ასევე საოპერაციო საქმიანობის მოდერნიზაციაზე. მათი სურვილი გასაგებია, მაგრამ რამდენად არის ეს თანხვედრაში ბათუმის პორტის გეგმებთან და შესაძლებლობებთან?

Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი ჟანატ კუსაინოვი: ვადასტურებ ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები აჭარის ავტონომიური რესპუბლის მთავრობასთან და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. მე-10 და მე-11 ნავმისადგომი პორტის განუყოფელი ნაწილია და მისი მოვლა-პატრონობა ჩვენზეა და ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. მიმდინარე წელს ჩვენ მე-10 ნავმისადგომის კაპიტალური რემონტი განვახორციელეთ. ჩავუტარეთ შესაბამისი კვლევა და ახლა როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, ნავმისადგომის გადახურვას დავიწყებთ. სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე მზად იქნება.

რაც შეეხება მე-11 ნავმისადგომს გეგმის მიხედვით, წელს მოვახდინეთ მისი პასპორტიზაცია, რის შედეგადაც განისაზღვრა მომავალი წლისთვის თუ რა კაპიტალური სამუშაოები უნდა ჩატარდეს. გეტყვით, რომ 2016 წლის განმავლობაში მისი კაპიტალური რეკონსტრუქცია მოხდება.

- ანუ ორივე ნავმისადგომის რეკონსტრუქცია რა ხარჯებთანაა დაკავშირებული?

- მე-10 ნავმისადგომზე ჩვენ დავხარჯეთ 1,4 მლნ დოლარზე მეტი. მე-11 ნავმისადგომისათვის ჩვენ ასევე გათვალისწინებული გვაქვს 1,5 მლნ დოლარი. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლოს ასეთი სამუშაოები ნავმისადგომებს 1972 წელს ჩაუტარდა.

- ამ მიმართულებით გაწეული ხარჯი, რამდენად ზის კომპანიის ინტერესში და რამდენად მომგებიანია ის თქვენთვის?

- პირველ რიგში მე-10 და მე-11 ნავმისადგომებს ჩვენ ვიყენებთ პორტის გემების სადგომად. ისინი ასევე გამოიყენება საკრუიზო ლაინერებისა და მეგობრული ვიზიტით შემოსული სამხედრო ხომალდების მისაღებად.

მეორეს მხრივ კი ეს სანაპიროს ნაწილია, სადაც ადამიანები დროს ატარებენ. მას იყენებენ მეთევზეები, ასევე მცურავი „რაკეტები“, და ის გამოიყენება როგორც სამგზავრო ტერმინალის ნაწილი.

ფინანსურად პროექტი ჩვენ არაფერს გვაძლევს, მაგრამ ვიმეორებ, რადგანაც მე-10 და მე-11 ნავმისადგომი არის ჩვენი პორტის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად იმ ჰიდროტექიკური ნაგებობების თვალყურის დევნება ჩვენ გვევალება.

- და მაინც ამ ორი ნავმისადგომის რეაბილიტაცია ეს არის თქვენი კეთილი ნება, თუ აჭარის მთავრობას უწევთ ანგარიშს?

- ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულები ვართ ის შესაბამის მდგომარეობაში გვქონდეს. უბრალოდ უნდა აღვნიშნო, რომ 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მას არავინ შეხებია, არავის ჩაუტარებია ასეთი სახის სამუშაოები ნავმისადგომებთან და რა თქმა უნდა საჭიროებს სათანადო მოვლას. სამუშაოები კი საკმაოდ ძვირია, თუმცა ჩვენ მათ ვასრულებთ.

ჩვენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა მოგვმართა წინადადებით, ამ ნავმისადგომებთან 300 მეტრი სიგრძის გემების დგომის შესაძლებლობის შესახებ. ამისათვის ჩვენ მოგვიწევს იქ ე.წ. „დელფინის“ მშენებლობა. ამ „დელფინის“ რეალიზების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დიდი მოცულობის გემებისა და საკრუიზო ლაინერების მიღება. თუმცა ეს ჯერ ფინანსურად დათვლილი არ არის, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ნავმისადგომების მოვლა-პატრონობა ჩვენი მოვალეობაა, ხოლო ეს პროექტი უნდა იქნეს დათვლილი.

აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რა სიხშირით ივლიან საკრუიზო გემები და ფინანსურად რამდენად გამართლებული იქნება ამ პროექტში ჩვენი მხრიდან თანხის ჩადება. ეს წმინდად ეკონომიკური საკითხია. მე-10 და მე-11 ნავმისადგომების რეაბილიტაციის თემა ჩვენს ყაზახ აქციონერებს შესაძლოა ავუხსნათ, მაგრამ ამ პროექტის განხორციელებისათვის კარგად უნდა ვიფიქროთ.

- თუ გაქვთ წინასწარი წარმოდგენა რა ეღირება ეს პროექტი თქვენთვის?

- წარმოდგენაც არ მაქვს. საჭიროა პროექტის შეკვეთა, რომ დაითვალონ ხარჯები და გვითხრან. ეს ამჯერად თეორიული საკითხია. რაც შეეხება ტურიზმს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ტურიზმისთვის.

პორტში ჩატარდა საკმაოდ დიდი სამუშაოები, ადგილზე მუშაობს რესტორანი, თუნდაც იგივე ნავმისადგომების საკითხი. ტურიზმის ხელშეწყობის მაგალითია ის, რომ საკრუიზო გემებისთვის ჩვენ კოეფიციენტი 0,8 გვაქვს. მაგალითად, თუ სხვა გემების ტარიფია 1 დოლარი, კრუიზული გემებისთვის ტარიფი 20 ცენტია, ანუ მასთთვის 80 %-იანი ფასდაკლება გვაქვს. ეს შეგნებულად გავაკეთეთ საკრუიზო გემებისთვის, რათა მათი მიზიდვა მოხდეს.

 - როდესაც ნავსადგურის საქმიანობის აქცენტს ტვირთების გადაზიდვა წარმოადგენს, რითაც ფორმირდება კომპანიის შემოსავლები, შედის თუ არა თქვენს ბიზნეს ინტერესში საკრუიზო ტურიზმის განვითარებაში ინვესტიციების ჩადება?

უნდა გითხრათ, რომ ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და უამრავ საკითხში ერთმანეთს ანგარიშს ვუწევთ. საკრუიზო გემების შემოსვლაში განსაკუთრებული კომერციკული ინტერესი ჩვენ არ გაქვს. გასულ წელს 35 საკრუიზო გემი შემოვიდა, ხოლო წელს 25 გემი.

- არსებობდა გეგმა, რაც ბათუმის პორტთან ესტაკადის აშენების ითვალისწინებდა, ბენზეს დასახლებაში ავტოტრანსპორტის განტვირთვისთვის, არის თუ არა გეგმა ძალაში, რა ეტაპზეა მისი განხორციელება?

- იდეა იყო ასეთი: ჩვენ აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით გვინდოდა დაგვეწყო ესტაკადის მშენებლობა სექტემბერში, იყო შესაძლებლობაც, რომ პროექტის განხორციელება მარტშიც დაგვეწყო, მაგრამ ეს ხელს შეუშლიოდა ტურისტულ სეზონს. არსებობდა სიტყვიერი შეთანხმებაც და გაფორმებული იყო მემორანდუმიც, რომ პორტი საკუთარი სახსრებით დაიწყებდა ესტაკადის მშენებლობას, რომლის ღირებულებაც იყო 5 მლნ დოლარის ფარგლებში, ხოლო მთავრობას პორტისთვის უნდა გადმოეცა 4 ჰა მიწა საპორტო ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად. ჩვენ ვაპირებდით ამ 4 ჰა-ზე სხვადასხვა ობიექტების, ხორბლის ტერმინალის, სამაცივრე მეურნეობის, სასაწყობო მოედნების მოწყობას. ეს დამატებით 20-22 მლნ დოლარის ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ამ დრომდე საკითხი გადაწყვეტილი არ არის და განხილვის პროცესშია.

- რატომ? მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა?

- მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თავიდან საუბარი იყო 4 მიწის ნაკვეთზე. ამჟამად უკვე 2 მიწის ნაკვეთს განვიხილავთ რეალურად და საჭიროა, რომ პროექტი ადექვატურად მომგებიანი იყოს, როგორც საქართველოს ხელისფლებისთვის, ასევე ჩვენთვის, რათა თანაბარი ღირებულების გაცლა მოხდეს. შემდგომ შეიცვალა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ისევ თავიდან დაიწყო ეს ყველაფერი. რეალურად შემიძლია გითხრათ, რომ არავინ არ ამბობს საბოლოოდ არა-ს, თუმცა არც კი-ს ამბობს ვინმე.

- ბოლოს როდის გქონდათ შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობის მეთაურთან, ან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან?

- მათთან პირადად მე არ მქონია შეხვედრა, ფუნქციონალურად ეს ჩვენთან ერთ-ერთ დირექტორს ევალება და თუ სწორად მახსოვს ბოლო შეხვედრა ოქტომბერში გაიმართა.

- ის, რომ პროექტიგაყინულია, კომპანიას ფინანსურადაც ხომ არ აზარალებს?

- აგიხსნით, რატომ ვიყავით ჩვენ დაინტერესებული ამ პროექტით. ბათუმის პორტი არის საკურორტო ზონაში და ეს 4 ჰა მიწის ნაკვეთი რეალურად არ არის პორტზე მიბმული, არამედ მდებარეობს მოშორებით და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა პორტის ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად. მართალია ის, რომ კრიზისის პირობებში არამხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველგან შემცირებულია ტვირთბრუნვა, მათ შორის შავი ზღვის მიმართულებაშიც. შემცირებულია ტრანზიტიც. ამჟამად პორტის ტვირთბრუნვის გამტარუნარიანობა არის 1,8 მლნ ტონა და ამ ახალი მშენებლობის პირობებში კი ჩვენ ვგეგმავდით ჩვენი ტვირთბრუნვის გამტარიანობის გაზრდას 3 მლნ ტონამდე. ეს ხდებოდა ტერიტორიის ზრდის და ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯზე.

- ბოლო პერიოდში შემცირებულია ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა, რა ღონისძიებებს ატარებთ ამ ვითარების გამოსწორებისთვის?

- ჩვენ ახლა ვმუშაობთ ყაზახური ტვირთების მოზიდვაზე. მით უფრო რომ ყახაზეთის ეკონომიკაში ამჟამად შექმნილი ვითარება, ვგულისხმობ ტენგეს ვარდნას, გარკვეულწილად გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ასევე ვმუშაობთ ჩინეთთან, მით უფრო, რომ ბათუმის პორტი არის ტრანსკასპიური შეთანხმების ნაწილი. აქტაუ-ბაქო-ბათუმის პორტები ჩართულნი არიან ამ პროცესში. ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება და ჩინეთიდან ტვირთები ბათუმის პორტის გავლით მოხვდება სხვა ქვეყნებში. კიდევ ერთი პროექტი არის „ვიკინგი“, რომელშიც აქტიურადაა ბათუმის პორტი ჩართული.

- გკითხავთ ხორბლის ტერმინალზეც, რომელზეც გასულ წელს ყაზახურმა მედიამ გაავრცელა, ინფორმაცია, რომ ყაზახური მხარე აღნიშნული ტერმინალის მშენებლობას აღარ განიხილავდა. თუ კი მიწის გადმოცემა მოხდა, პროექტი ისევ ძალაში რჩება?

- თუ კი პროექტი გამოვა, ყაზახური მხარე ტერმინალს ააშენებს. ყახაზეთი ყოველწლიურად 8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტს ახდენს. კარგი მოსავლის დროს კი წელიწადში 10 მლნ ტონა ხორბლის. ჩვენი კარიდორის გამოყენებით კი ვგეგმავთ უფრო მეტი ხორბლის გატარებას და ცხადია ამისათვის ხორბლის ტერმინალი საჭიროა.

- ამ ტერმინალის აშენებაში ინვესტიციას მთლიანად ყაზახური მხარე ჩადებს, თუ მოხდება ახალი ინვესტორის შემოყვანა?

- ტერმინალს მთლიანად ყაზახური მხარე ააშენებს. ყაზახეთში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მსხვილი კომპანია მუშაობს. ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ისინი მზად არიან ინვესტირებისთვის. თუმცა ვიდრე ჩვენ მიწა საკუთრებაში არ გადმოგვეცემა, ცხადია არავინ მოვა, არავინ ჩადებს ფულს იმ მიწაში, რომელიც შენ არ გეკუთვნის.

 

ესაუბრა მაია არაბიძე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე