"პორნოგრაფია, ისევე როგორც წირპლიანი, ბულვარული რომანი, ლიტერატურა არ არის" - ლია სტურუა
საქართველო, თბილისი - 16:14 | 31.03.2018 ნანახია: 44424
პოეტმა ლია სტურუამ პირველი წიგნი, ლექსების კრებული "ხეები ქალაქში", 1962 წელს გამოსცა. მას შემდეგ ის უამრავი წიგნისა და კრებულის ავტორია. მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები. საუბარი წიგნისა და მკითხველის ურთიერთობით დავიწყეთ...
_ დღეს ბევრს საუბრობენ, რომ წიგნმა მკითხველი დაკარგა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები უკონკურენტო აღმოჩნდა და თაროებზე წიგნებს მტვერი დაედო. და თუ ეს ასეა, რა როლი უნდა იკისროს სახელმწიფომ, საზოგადოებამ, რომ მკითხველი წიგნებს დაუბრუნოს?
_ თავისთავად ტექნიკური პროგრესი კარგი საქმეა, კარგია ელექტრონული წიგნები, დიდი მოვლენაა კომპიუტერი და ა.შ. მაგრამ წიგნი არის ინტიმი. კაცსა და ქალს შორის არსებობს ჩვეულებრივი ურთიერთობა, არის სექსი და სიყვარული. არიან წყვილები, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობენ ერთად, აკავშირებთ შვილები, აკავშირებთ სექსი, აკავშირებთ სოციალური ურთიერთობები და ა.შ. მაგრამ იმ ნაპერწკლის _ სიყვარულის (მართალია, გაცვეთილი სიტყვაა სიყვარული, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა შესაბამისი სიტყვა ვერ მოვუნახეთ, ეს არის ყველაზე უფრო იდენტური იმ აზრისა, რომელიც მასშია ჩადებული) უნარი ზოგ ადამიანს აქვს, ზოგს _ არა. ასევეა, წიგნთან დამოკიდებულებაც: თუ გაგიჩნდა სიყვარული წიგნის მიმართ, ეს მთელი სიცოცხლე გაგრძელდება. ღმერთის გარეშე ეს არ ხდება, როგორც გალაკტიონი ამბობდა ხოლმე, _ მე, ძამიკო, თვითონ კი არ ვწერ ლექსებს, ღმერთი მიჩურჩულებს და მე ვწერო. ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი უტრირებულია და მეტაფორაა, როგორც სხვა რამ, რასაც პოეტი ამბობს და მით უფრო ისეთი პოეტი, როგორიც გალაკტიონია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მართლაც არ ხდება ეს ყველაფერი ღმერთის ჩარევის გარეშე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წიგნს აქვს თავისი ღირსება. როცა მას ხელში აიღებ, გადაშლი, იგრძნობ სტამბის სუნს, გაიგებ ფურცლების შრიალს, სულ სხვა გრძნობაა. კარგად მახსოვს, თბილისის ომის შემდეგ, როდესაც თბილისში ყოველ ნაბიჯზე კაფე-რესტორნები იხსნებოდა და წიგნები და ბიბლიოთეკები არავის ახსოვდა, გავედი ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ბიბლიოთეკა იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ წიგნები რომელიღაც რესტორნის ქვაბში იხარშებოდა უკვე, მაგრამ დავინახე, რომ ბიბლიოთეკა თავის ადგილზე იყო. ასეთი სიხარული მაშინ არაფრის გამო არ მქონია. მაგრამ ახლა, სულ რამდენიმე ხნის წინ მითხრეს, რომ საფრთხე ემუქრება ამ ბიბლიოთეკას და მის ადგილას სხვა რამის გაკეთება სურთ. ხელმოწერებიც კი შევაგროვეთ მის გადასარჩენად. შეიძლება ეს ჩემი თაობის საქმე უფროა, მაგრამ შვილს, ბავშვს თუ თავიდანვე არ ასწავლე ჯერ ოჯახში და მერე სკოლაში წიგნის სიყვარული, არაფერი გამოვა. თუ ეს ასე მოხდება, მას წიგნი ეყვარება. პოეზია ან მუსიკა ან გიყვარს, ან არ გიყვარს. შეიძლება ძალიან გულუბრყვილოა, რასაც ვამბობ, მაგრამ ადამიანი, ვისაც წიგნი, პოეზია და მუსიკა უყვარს, მკვლელი და ავაზაკი ვერ გახდება. რაც შეეხება სახელმწიფოს, მას შეუძლია ერთადერთი რამ: სკოლაში გაუშვას წიგნიერი, განათლებული მასწავლებელი, რომელსაც ეცოდინება, რომ ბავშვს უნდა შეაყვაროს წიგნი, მშობლიური ენა.
_ თქვენ თავის დროზე პოეზიაში სიახლე შემოიტანეთ. მაშინ ბევრი არაერთგვაროვნად შეხვდა თქვენს შემოქმედებას. გქონდათ ამის გამო დაბრკოლებები შემოქმედებით ცხოვრებაში?
_ ძალიან დიდი, და ეს დაბრკოლებები მაქვს დღემდე მთელი სიცოცხლე. იცით, როცა ადამიანმა თავი გადადო, რომ იყოს შემოქმედი, მთელი სიცოცხლე ექნება დაბრკოლებები. ახლა, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ, როგორც უწინ. მაშინ მე ლექსებს არ მიბეჭდავდნენ, უბრალოდ, აიკრძალა ჩემი გვარის ხსენება პრესაში. მაგრამ მოგეხსენებათ, ერთმანეთის მიმართ არის ქიშპი და შური, ვიღაცას უნდა, რომ მხოლოდ ის ერთი იყოს. ამ პირველობისთვის ბრძოლაში მთელი ცხოვრება სულ უსიამოვნებები გხვდება. როცა მე თავისუფალი ლექსის წერა დავიწყე, მიაჩნდათ, რომ რითმიანი კონვენციური ლექსი არის წმინდა ქართული მოვლენა და თავისუფალი ლექსი, ანუ ვერლიბრი, სრულიად უცხოა. მაშინ რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული, მაგრამ ფარდაშიც იყო ჭუჭრუტანები და სინათლე მაინც შემოდიოდა. მიაჩნდათ, რომ თავისუფალი ლექსი იყო არაქართული. თუმცა ასე ფიქრობდნენ გაუნათლებელი ადამიანები. ჰიმნოგრაფია დაწერილია თეთრი ლექსით, მხოლოდ არა თავისუფალი. აქ რიტმიკა იგივეა, რაც კონვენციურ ლექსში, ოღონდ რითმა არ არის. ითვლებოდა, რომ რითმა არის საერო ლექსის სამკაული და ეკლესიას სამკაული არ სჭირდება. ამდენად, ეს წმინდა ქართული მოვლენა იყო. მაშინ, თავისთავად, თავისუფალ ლექსს ებრძოდნენ. ახლა შემოვიდა მოდა რითმიანი ლექსების და ბაძავენ იოსიფ ბროდსკის. ბროდსკის ჩემი საყვარელი პოეტია და ძალიან კარგი მოაზროვნეა. მაგრამ ბროდსკი ბროდსკია. პაოლო იაშვილსა და მის თანამოაზრეებს მართლაც ჰქონდა ფრანგი სიმბოლისტების გავლენა, მაგრამ ქართველები იყვნენ ისინი და ძირი და ნიადაგი ჰქონდათ ქართული. ჩემთვის მიუღებელია ყველაზე საზარელი და პროვინციული გამოთქმები, რომელიც ქრესტომათიაშიც გვხვდება: "ბარათაშვილი ქართველი ბაირონია", ან "თბილისი პატარა პარიზია". არ გვინდა ეს თაყვანისმცემლობა ყველაფერი უცხოურის. ამიტომ ბროდსკის მიმბაძველობა მხოლოდ სასაცილოა და უნიჭო. კარგი ლექსი კარგი ლექსია, გინდ კონვენციური იყოს, გინდ ვერლიბრი, გინდ თეთრი. მურმან ლებანიძეს აქვს ლექსი, სადაც პოეტები შეიკრიბნენ და მსჯელობენ, რა არის მთავარი პოეზიისთვის. ერთი ამბობს, რომ მოდერნიზმი, მეორე _ ტექნიკა და რითმა. ბოლოს გალაკტიონი ამოიღებს ხმას და იტყვის: ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო. ასე მთავრდება ეს ლექსი და სწორედ ეს არის მთავარი პოეზიისთვის.
_ დღეს აღარაფერი უკვირთ, გამოიცემა ყველანაირი ნაწარმოები, ღირებულიც და ნაკლებად ღირებულიც. ხშირად უხეშადაა გაშიშვლებული ზნეობაც. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ არის ერთგვარი ხრიკი მკითხველის მოზიდვისა?
_ რა თქმა უნდა. ისევ საკმაოდ გაუნათლებელი, დაბალი ფენის (აქ მე სოციალურად დაბალ ფენას არ ვგულისხმობ, გაუნათლებელ, წერა-კითხვის უცოდინრებზე ვსაუბრობ), მათი მიზიდვის ხერხია. კიდევ რა არის, იცით? როცა ადამიანი ნიჭიერია, მას არ სჭირდება ამგვარი ხერხის გამოყენება. შეიძლება აკა მორჩილაძეს ტრილოგია "მადათოვში" აქვს პედერასტების, გეების მთელი ზეიმი, მაგრამ ეს არის ისეთი შესანიშნავი სურათი, აბსოლუტურად არ გაგკაწრავს, უხეშად არ შეგეხება, კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ აკა მორჩილაძე წარამარა და წაღმა-უკუღმა უწმაწურ სიტყვებს არ იყენებს, ის პედერასტებზეც წერს, ეროტიკაც საკმაოდ ბევრია მის ნაწარმოებებში, შეიძლება გინებაც შეგხვდეს ბევრი, იმიტომ რომ პერსონაჟები იგინებიან, მაგრამ, როცა ნაწარმოებია აი, ასეთი, როგორიც მორჩილაძეს აქვს, ეს სრულიად ორგანულია და არ გაწუხებს. მაგრამ როცა ადამიანი ნაკლებად ნიჭიერია და ყურადღების მიპყრობის მიზნით ინცესტიც კი აქვს ნაწარმოებში, მაშინ არის შემაწუხებელი. კარგი მწერალი ყოველთვის თავს გაკითხებს. მართალია, არიან მწერლები, მაგალითად, ფრანგი მიშელ უელბეკი რომელიც ძალიან კარგ მწერლად არის აღიარებული საფრანგეთში, მასაც აქვს გადახრა ეროტიზმის მიმართ. იგივე გენრი მილერი, მისი ნაწარმოებები ლამის პორნოგრაფიაა, მაგრამ ის ძალიან ძლიერი მწერალია. ის ყველაფერი კი, რაც ჩვენ გვაღიზიანებს, არის ნაკლები ნიჭის გამოხმობილი ფარი წინ ასაფარებლად და გაუნათლებელი არაინტელექტუალური მასის მიზიდვის საშუალება. ორიოდე წლის წინათ ერთ-ერთ გადაცემაში ახალგაზრდა მწერალი იყო მიწვეული. ის საკმაოდ ნიჭიერი იყო, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ არაკანონიერი ლექსიკით უნდა ეწერა, ამბობდა, რომ მის ნაწარმოებებში პორნოგრაფიაა, მაგრამ მან რატომღაც არ იცოდა, ან დაავიწყდა, რომ პორნოგრაფია ლიტერატურა აღარ არის. ეროტიკა რამდენიც გინდა, "დეკამერონი" ეროტიკა არ არის? სამწუხაროდ, ის არ გააფრთხილეს, რომ პორნოგრაფია, ისევე როგორც წირპლიანი, ბულვარული რომანი, ლიტერატურა არ არის.
_ ამბობენ, რომ თქვენი პოეზია ელიტურია და მოუმზადებელი მკითხველი მისგან სიამოვნებას ვერ მიიღებს.
_ სიტყვა ელიტური ცოტა ზედმეტად მიმაჩნია. ეს სიტყვა მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეა. საქმე ისაა, რომ მოუმზადებელი მკითხველი ვერც რომანს წაიკითხავს, ვერც აკა მორჩილაძეს დაუდებს გულს, და საინტერესო ლიტერატურას, ისევე როგორც მუსიკასა და მხატვრობას ვერ გაიგებს. მაგრამ ადამიანს სიტყვის ცოდნის პრეტენზია აქვს. მას არ ესმის, რომ, იმისთვის რომ გაიგო ლექსი, უნდა წაიკითხო უამრავი ლიტერატურა. აბიტურიენტებზე პირდაპირ ანეკდოტებს ჰყვებიან, რომ მათ არ იციან ქართული კლასიკური მწერლობა, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო კლასიკურ მწერლობაზე. ეს ყველაფერი თუ არ გაქვს გაცნობიერებული, წაკითხული და შესისხლხორცებული, რა თქმა უნდა, ვერ გაიგებ. ლიტერატურა, პოეზია "ეო მეო" ხომ არ არის? ასე შეიძლება დაჯდეს ადამიანი გაუნათლებელი და პოეტური ნიჭის არმქონე, დაჯდეს და დაწეროს რაღაც რითმები. ახლა ტექნიკა ყველას აქვს, სუსტ პოეტსაც კი (თუმცა სუსტი პოეტი არასწორი გამოთქმაა, პოეტი ან ხარ, ან _ არა) შეუძლია დაწეროს: "ეო, მეო, ბიჭო დემეტრეო". პოეტს უნდა ჰქონდეს მსოფლშეგრძნება, განათლება, უნდა იცოდეს ფილოსოფია, მხატვრობა. როგორ გაიგებს გაუნათლებელი მკითხველი ასეთ პოეზიას? ურითმო ლექსსაც ვერ აღიქვამს მკითხველი, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ლექსში არის შინაგანი რითმი, შინაგანი მელოდია. თუ ადამიანს არა აქვს მუსიკალური ყური, ის უსათუოდ ყურს გაკაწრავს, სისხლს გამოადენს, თუ არ იქნება შინაგანად შეკრული, თუ არ ექნება ერთი ღერძი, რომელიც მას სიმტკიცეს მისცემს.
მაკა სვიმონიშვილი
პოლიტიკა
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
- ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო - აშშ-ის საელჩო
- აუცილებელია, 20 ივნისის საქმეზე არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ - გია ვოლსკი
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
- Shell-ის საავტომობილო ზეთები - ინოვაცია მოძრაობაში
- Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება