18 ადამიანი დაიღუპა ძლიერი შტორმისა და ტორნადოს შედეგად

საქართველო, თბილისი - 09:45 | 23.01.2017
ნანახია: 1495

სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა ამერიკის ჯორჯიისა და მისისიპის შტატებში ძლიერი შტორმისა და ტორნადოს შედეგად.

ჯორჯიის გუბერნატორმა ნათან დილმა შტატის შვიდ ოლქში, სადაც 14 ადამიანი დაიღუპა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

”უამინდობამ დაანგრია დასახლებები და სახლები ჯორჯიის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში. შტატის ხელისუფლება ყველა არსებულ რესურს დაზარალებული რაიონების დასახმარებლად მიმართავს”, - აღნიშნულია გუბერნატორის განცხადებაში.

ბრუკსის ოლქის ხელისუფლების განცხადებით ორი ადამიანი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ტორნადომ საცხოვრებელი ფურგონი ჰაერში აიტაცა და 100 მეტრის იქით გადაიტანა.

კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა მისისიპის შტატში, სადაც ქარის სიჩქარემ 218 კმ/სთ შეადგინა.

მეტეოროლოგები ფლორიდის ჩრდილოეთით, ჯორჯიის სამხრეთითა და სამხრეთ კაროლინას შტატში კვლავ ძლიერ შტორმსა და ტორნადოს პროგნოზირებენ.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოუცხადა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე