ქართველი მოცეკვავეები ყველა სხვა უცხოური ჯგუფისგან გამოარჩიეს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 19.04.2016
ნანახია: 6431

ქართველები თითქოს მიჩვეულები ვართ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მაგრამ ემიგრაციაში მყოფი ქართველების წარმატება მაინც ყოველთვის განსაკუთრებულად გვეამაყება.

იტალიის ქალაქ ფლორენციაში, წმ.ნინოს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძართან არსებული ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნანილა”, მხოლოდ მესამე წელია, რაც არსებობს, მაგრამ იტალიელ მაყურებელსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს თავი უკვე დაამახსოვრა. გარდა იმისა, რომ “ნანილას” ანგარიშზე უკვე რამდენიმე საქველმოქმედო სოლოკონცერტია, ანსამბლმა გასული წლის ივნისის თვეში, ქალაქს ალერნოში, ასოციაცია "CONFSPORT ITALIA"- ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ფოლკლორის ნომინაციაში გაიმარჯვა და ორგანიზატორებს თავი ისე დაამახსოვრა, რომ ერთადერთი უცხოური გუნდი გახდა, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა სხვა მონაწილისგან გამოარჩიეს და რამდენიმე დღის წინ, 16-17აპრილს გამართულ ნაციონალურ კონკურსზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. კონკურსზე, რომელიც იტალიის ისტორიული ქალაქის, სპოლეტოს ულამაზეს თეატრში Teatro nuovo Gian Carlo Menotti ჩატარდა, ქართველებმა განსაკუთრებული მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს. ეს კი, იტალიელი მაყურებლისგან, არც თუ იოლი მისაღებია.

ანსამბლმა სპოლეტოში ოთხი ცეკვა წარადგინა: ქართული, განდაგანა, ნარნარი და სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მომზადებული- ქალაქური. კონცერტის ბოლოს, ანსამბლსა და გამორჩეულად მის ქორეოგრაფიულ ხელმძღვანელ რიტა სიმსივეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს და “ნანილა” მორიგ სართაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, რომელიც 10-11 ივნისს გაიმართება, იტალიის ქალაქ მონტეკატინიში.

ნინო მამუკაძე, სპეციალურად იტალიიდან





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე