სკანდალი - რა კავშირი აქვს ზაქარია ქუცნაშვილს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე აქციასთან?

საქართველო, თბილისი - 11:06 | 17.04.2016
ნანახია: 20498

12 აპრილიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. ისინი თავდაპირველად ოთხნი იყვნენ, ორი „გეპეის“ პროფესორი, ორიც „გარედან მოსული“, ასე ვთქვათ გულშემატკივარი. მოშიმშილეებს „ზურგს უმაგრებენ“ უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში 16-0-ით წაგებული გოდერძი ტყეშელაშვილი, ამ ჯგუფის წარმომადგენელი დავით წიქარიშვილი (იურისტი), წიქარიშვილის ნათესავი ფირან კობიაშვილი („გეპეის“ ყოფილი თანამშრომელი). შიმშილობის მესამე დღეს მოშიმშილეებს ორი ადამიანი შეემატა  და ოთხი გახდა ექვსი. ამასობაში „გზად“ დაიკარგა (გაუჩინარდა) ერთი გულშემატკივარი, ერთიც მოშიმშილე. აქციის მოთხოვნები გზადაგზა „დაიხვეწა“, პირველ ეტაპზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოს და კანცლერის გადადგომა იყო მთავარი „მესიჯი“, შემდეგ მინისტრის გადადგომა დაემატა, თუმცა ეს მოთხოვნა მალევე ამოღებულ იქნა „სტრატეგიული გეგმიდან“ და ის ჩაანაცვლა ნაციონალური ხელისუფლების პერიოდში „გეპეისთვის“ წართმეული ქონების თემამ.

მიუხედავად იმისა, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ რომ მათ სტუდენტთა დიდი ნაწილი უჭირს მხარს, უნივერსიტეტის 20 ათასზე მეტი სტუდენტიდან დღემდე  „გეპეის“ თუნდაც ერთ სტუდენტსაც კი არ გამოუხატავს თანაგრძნობა. ეს არის ის, რაც ხელის გულზე დევს! ჩვენ დღეს მოგითხრობთ იმ ფაქტებზე, რაც ჩანს, მაგრამ არ ჩანს! ეს არის ფაქტები, რომელზედაც არავინ საუბრობს და ფაქტები, რომელზედაც ყურადღების გამახვილების შემთხვევაში, მკითხველი (და მთავრობაც) მიაგნებს „ჯანყის“ გასაღებს!

ეშმაკები (ქაჯებიც) დეტალებშია:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩევნები 2016 წლის 18 იანვარს, მასში მონაწილეობა ორმა კანდიდატმა არჩილ ფრანგიშვილმა და გოდერძი ტყეშელაშვილმა მიიღეს. არჩევნები 16-0 მოიგო ფრანგიშვილმა, ტყეშელაშვილმა განათლების სამინისტროს მიმართა საჩივრით, ფრანგიშვილს სამჯერ არ ქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაო. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა აკადემიური საბჭოს ლეგიტიმურობა. განათლების სამინისტრომ ჩაატარა მოკვლევა და რექტორის პოზიციაზე დაამტკიცა არჩილ ფრანგიშვილი. ანუ, სამინისტრომ მოკვლევის შედაგად დაადგინა რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კანონი არ დაურღვევია! ამის შემდეგ „სუხოიზე“ დამარცხებულმა კანდიდატმა მიმართა სასამართლოს, პარალელურად რამდენიმე მედიაგამოცემას ინტერვიუ მისცა და ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას - თუ აკადემიური საბჭო უკანონოდ იყო არჩეული და ეს იცოდით, რატომ არ გააპროტესტეთ, რატომ შეიტანეთ განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?  უპასუხა - არ ვიცოდი საბჭოც უკანონო თუ იყოო. დღეს კი კითხვაზე რა საჭიროა საპროტესტო აქცია, დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, აქციის მონაწილეებს ასეთი პასუხი აქვთ - სასამართლო როდის გაიმართება არავინ იცის, ეს პროცედურა გაიწელება და აქციების გამართვა სჯობსო. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს - პროფესორი არასამართლებრივ გზას აძლევს უპირატესობას! ისმის კითხვა, რატომ? საქმე ისაა, რომ „აჯანყებულები“ ალბათ სპეციალურად ამახინჯებენ კანონის მოთხოვნის ერთ ფრაზას - კანონში წერია, უნივერსიტეტის რექტორი ზედიზედ შეიძლება არჩეულ უნდა იქნას ორი სრული ვადით. ოფიციალური ინფორმაციით, ფრანგიშვილი ორი სრული ვადით არ ყოფილა რექტორი და ეს წესით მოშიმშილეებმა თუ არა, მათი მხარდამჭერი იურისტისთვის მაინც უნდა იყოს ცნობილი, ბოლოსდაბოლოს სასამართლოში მხარის ინტერესები წიქარიშვილმა უნდა დაიცვას, იურისტმა „გამოსავალი“ იპოვა, ის აცხადებს რომ რექტორი, კანცლერი, აკადემიური საბჭო სამჯერაა არჩეული. კანონი კი ჯერადობას არ სცნობს, კანონი ვადებზე საუბრობს!

ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ ასე თუ ისე ყველა დაინტერესებულმა პირმა იცის, საზოგადოებისთვის კი ყველაზე საინტერესო ის ამბებია, რაც ყველამ იცის და რაზედაც არავინ საუბრობს:

გოდერძი ტყეშელაშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. როგორც თავად აცხადებს დოქტორია, რეალურად კი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ყოფილა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტში ჩატარდა რექტორობის კანდიდატთა მოსმენა და ტყეშელაშვილმა დასმულ კითხვაზე კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებდა უნივერსიტეტში, უპასუხა რომ მან არ იცის რა არის უნივერსიტეტში გაკეთებული (?!), ამიტომ გეგმა არა აქვს. კითხვას - თუ ეს ასეა რატომ გინდათ რექტორობა? მან უპასუხა - მეგობრებმა მთხოვეს იყარე კენჭი და დავთანხმდიო. თავისი გამოსვლის ბოლოს კი განაცხადა - მე ვიცი რომ არ ამირჩევთ, მაგრამ პროცედურაში იმიტომ მივიღე მონაწილეობა სასამართლოში რომ შევიტანო სარჩელიო. მარტივად ასეა: ტყეშელაშვილის მისია თავიდანვე გამოკვეთილი იყო!

ტყეშელაშვილმა სარჩელი შეიტანა და პარალელურად შიმშილობის აქცია წამოიწყო, თუმცა თავად არ შიმშილობს. მოშიმშილეთა შორის არის ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი, ესაა ნოდარ უღრელიძე. როგორც „გეპეიში“ ამბობენ, ბატონი ნოდარი ძალიან პატიოსანი და განათლებული ადამიანია (რასაც აქციის სხვა მონაწილეებზე არავინ ამბობს), სწორედ ნოდარ უღრელიძე იყო ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის რეჟიმის დროს ფირან კობიაშვილს დისერტაციის დაცვა ჩაუგდო! დიახ, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ამ აქციის ორგანიზატორის (როგორც თავად ამბობს) იურისტ დავით წიქარიშვილის ახლო ნათესავს, ფირან კობიაშვილს, უღრელიძის წყალობით დისერტაციაც და რესტორანში გაშლილი სუფრაც „ოხრად დარჩა“. უღრელიძე დღემდე არ უარყოფს რომ „კობიაშვილი უნიჭო და გაუნათლებელი ადამიანია“ და კითხვაზე თუ ასე ფიქრობთ დღეს რას აპროტესტებთ პასუხობს: რექტორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მე განათლების რეფორმას ვუჭერ მხარსო. უღრელიძე იმასაც ამბობს რომ კობიაშვილმა დისერტაცია მაინც დაიცვა და ეს მისი, იმჟამად კუდ-ში მომუშავე ძმისა და ძმის მეგობრების დახმარებით მოახერხა. უნივერსიტეტის სხვა, არამოშიმშილე პროფესორები კი კობიაშვილის უნივერსიტეტიდან გაგდების მიზეზებზე საუბრისას ისეთ ამბებს ყვებიან, განმეორებაც კი უხერხულია, თუმცა ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ფირან კობიაშვილი  ბათუმის უნივერსიტეტიდანაც გამოაგდეს, მაგრამ ეს მას არასდროს გაუპროტესტებია.

რამდენიმე დღის წინ ფრანგიშვილმა განაცხადა რომ სავარაუდოდ მოშიმშილეები ჩუმად იკვებებიან: ადამიანი,  რომელიც 2-3 საათით ტოვებს აქციას, გადის ტერიტორიიდან, მოშიმშილე არაა და ეჭვი მაქვს ესენი არც შიმშილობენო. ფრანგიშვილს წინადადება დამთავრებული არ ქონდა წესიერად, აქციის მონაწილე პროფესორი მიქაძე უკვე გაბრაზებული იყო: ფრანგიშვილმა შეურაცხყოფა მომაყენა და სასამართლოში უნდა ვუჩივლოო. მიქაძეს თავისი აღშფოთება წესიერად გამოხატული არ ქონდა, ერთი ძალიან საინტერესო ისტორიის მთხრობელს რომ გადავაწყდით უნივერსიტეტის დერეფანში: „უნივერსიტეტში ხშირად ჩამოდიან უცხოელები, წესია ასეთი შეხვედრების ბოლოს საჩუქრებს ვუცვლით ერთმანეთს. ერთხელ სტუმარმა პრორექტორს კონიაკი მოართვა. მან საჩუქარი მაცივარში შეინახა. ერთხელ მიქაძე შემოვიდა ჩვენთან და მთხოვა წყალს შევდგამ მაცივარში თუ შეიძლებაო, საქმე მქონდა და ყურადღება ვერ მივაქციე. მიქაძე მალევე გამოვითა კაბინეტიდან და ვიდრე გავიდოდა დაბარბაცდა. შემეშინდა, ვიფიქრე ცუდად გახდა-მეთქი. არ ღირს დეტალების მოყოლა და იცით საბოლოოდ რა გაირკვა? მიქაძემ მაცივარში კონიაკი რომ დაინახა, გახსნა, იქვე „აითვისა“ ერთი მიყუდებით მთელი ბოთლი და ბუნებრივია დათვრა, ამიტომ ბარბაცებდა. მართალი ხართ თქვენ, უნდა მეთქვა რაც მოხდა, მაგრამ შემეცოდა ეს უბედური. ისე, ჩვენთან შემოსვლა კი ავუკრძალე“. ასეთ ისტორიებსაც მოისმენთ: „ერთხელ ტუალეტში ნახეს სტუდენტებმა წაქცეული, დამთვრალა დაააა...“, „ეგ რომ გორში იყო შორტებით დარბოდა უნივერსიტეტში“... მოკლედ, ისტორიები ბევრია და კითხვაც შესაბამისი - რატომშეინახეს ასეთი პროფესორი? პასუხიც მარტივია - გვეცოდებოდა და ყველაფერს ვაკეთებდით „სადაც საჭიროა“ იქამდე ეს  ამბები არ მისულიყოო.

მოშიმშილეთა აქციაში თავიდან მონაწილეობას ღებულობდა უნივერსიტეტის კიდე ერთი თანამშრომელი ვლადიმერ ახალაია. ის სულ რაღაც ერთი დღე იჯდა საშიმშილოთ, წასვლის მიზეზად ბავშვის ავადმყოფობა დაასახელა. სავარაუდოდ, ტყეშელაშვილის პროტეჟე (ტყეშელაშვილმა დააცვევინა დისერტაცია და მიიღო „გეპეიში“ სამუშაოდ) ახალაია, აქციას მას შემდეგ გაეცალა რაც უთხრეს ვინმემ შემთხვევით არ გაარკვიოს ახალაიების ნათესავი რომ ხარ, კუდ-ში რომ მუშაობდი და იქიდან 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამოგდებული აქ რომ მოგიყვანა ტყეშელაშვილმაო და ალბათ ამიტომ მიეფარა თვალს.

და ბოლოს, მთავარი კითხვა - ვინ დგას ამ ყველაფრის უკან! აქციის მონაწილე უღრელიძე არც მალავს რომ მას „კონსულტაციებს უწევს დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი“, რომ მას კომუნიკაცია აქვს ქუცნაშვილთან, რომ სწორედ ქუცნაშვილი არიგებს ჭკუას და ასე შემდეგ. ზაქარია ქუცნაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტით რომ არის დაინტერესებული, მას ეს არც არასდროს დაუმალავს და რამდენჯერმე „თემის აწევა“ პარლამენტის ტრიბუნიდანაც სცადა, თუმცა „ტოპკა“ ვერ აწია. ამიტომ მოევლინა ქუცნაშვილს დამხმარე ძალად ტყეშელაშვილი, რომელიც თავის მხრივ, აცხადებს რომ თურმე არის ბიძინა ივანიშვილის სტუდენტობის დროინდელი მეგობარი, რომ მას „ბიძინამ ურჩია ეყარა კენჭი“, რომ ის არჩევნებამდე „ბიძინას შეხვდა“ და არჩევნების შემდეგ „ბიძინა მართალია აღარ პასუხობს მის ზარებს, მაგრამ გრძნობს რომ ბიძინა მის გვრედითაა“. ამ ყველაფრის მტკიცებულებად ტყეშელაშვილს მოყავს 2012 წელს ვანში „ოცნებიდან“ მაჟორიტარად რომ იყარა კენჭი (შტაბში ყავდა ნოდარ უღრელიძე), მართალია ტყეშელაშვილმა 2%-ი ძლივს დააგროვა (საკუთარ სოფელშიც არ მისცეს ხმა) და  გამგებლის მოადგილეობაზე ოცნებაც ჩაუფლავდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ „ბიძინა თავისი სიყრმის მეგობარს მხარში არ დაუდეგება“. ქუცნაშვილსაც, ტყეშელაშვილსაც და კიდევ რამდენიმეს კი აერთიანებთ ამხანაგი რამაზ ხუროძე.  მართალია რამაზ ხუროძე იმ ასაკში არაა რექტორობაზე იყაროს კენჭი, მაგრამ „თავისო კაცის“ გაყვანა კი უღირს. „გეპეიშნიკებს“ ძალიან კარგად ახსოვთ „ხუროძის ეპოქა“, დრო როცა „გეპეის“ წინ ტაქსისტების დონეზე წყდებოდა „გეპეის“ სტუდენტი ვინ უნდა გამხდარიყო. „გეპეიშნიკებს“ ძალიან კარგად ახსოვთ ის პერიოდიც, როცა ნაციონალური მოძრაობა იტაცებდა (ან ყიდულობდა კაპიკებში) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსებს, სტადიონებს, ბასეინს, საერთო საცხოვრებლებს, მიწებს (კიკეთში, დიღომში), სამხედრო კათედრას, და სხვა უამრავ ქონებას. „გეპეიშნიკებს“ კარგად ახსოვთ რომ ამ ტაციაობის (გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტი“ მთლიანად „გეპეის“ ბაზაზეა) დროს უნივერსიტეტის რექტორი რამაზ ხუროძე კრავივით მორჩილი და დამყოლი იყო. ამ ამაზრზენი ვაჭრობისა და გარიგებების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ბუღალტერი ირინა ბადაგაძე იყო. ბადაგაძე დღემდე რჩება გია უდესიანის ბიზნესპარტნიორად. თუ გავიხსენებთ რომ ზაქარია ქუცნაშვილის მამა და რამაზ ხუროძე ბიზნესპარტნიორები არიან და როცა ქუცნაშვილის მამა დააკავეს მან ბიზნესპარტნიორი რექტორი რამაზ ხუროძე არ „ჩაუშვა“, მაშინ ადვილად შეიკვრება წრე.

ყველაფერი ძალიან მარტივია და ძალიან ადვილად დასანახი, თუ რა თქმა უნდა, ვინმე მოისურვებს და დაინტერესდება. უბრალოდ აქ ერთი „მაგრამ“ მაინც არის: აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თურმე ფრანგიშვილის დროს გაიყიდა და გასხვისდა სტუ-ს ქონება. როგორც ჩანს აქციის მონაწილეებს აქვთ იმედი რომ ამ საჯარო გამოსვლებს, სამართალდამცავი სტრუქტურები, ვინც დანაშაულის გაცხადების (პრესა-ტელევიზიით) შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს ყურადღებას არ მიაქცევს, ვინც საჭიროა ის „ყურებს არ გააპარტყუნებს“ და ამიტომ აქცენტს მსმენელზე აკეთებენ, თორემ მათ ძალიან კარგად იციან არც იმ დროს როცა ფრანგიშვილი რექტორის მოვალეობას ასრულებდა, არც იმ დროს, როცა ის რექტორი იყო „გეპეის“ ქონება არავის „დაუთრევია“.

აი, ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის საპროტესტო აქციის სიღატაკე და ბრწყინვალება! აი, ეს არის, რაც ჩანს (კიდევ ბევრი რამ არ ჩანს და ვიცით)  და თან არ ჩანს, დასკვნები მკითხველმა გააკეთოს.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ეკა ფანცულაია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე