პირველ კვარტალში მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით, მრეწველობა და ვაჭრობა გამოირჩეოდა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 05.10.2015
ნანახია: 1662

2015 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით, მრეწველობა და ვაჭრობა გამოირჩეოდა. „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი - 16,5%-ი მრეწველობას და 16,1 %-ი ვაჭრობას ეკავა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შემდგომ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,9%), სოფლის მეურნეობა (9,4%), მშენებლობა (6,3%). 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (22,9%), მშენებლობა (17,2%), სასტუმროები და რესტორნები (8,9%), საფინანსო საქმიანობა (8,9%), ტრანსპორტი (8,4%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,3%), კავშირგაბმულობა (5,4%), უძრავი ქონება (5,2%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (4,5%) და განათლება (4,3%).

საშუალო ინფლაციის დონემ საქართველოში 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით 3.2% შეადგინა, ხოლო, წლიურმა ინფლაციის დონემ - 5,4%.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე