რესპუბლიკური პარტიისათვის, გორში სტალინის ძეგლის აღდგენა კატეგორიულად მიუღებლია

საქართველო, თბილისი - 11:13 | 01.10.2015
ნანახია: 1753

საქართველოს რესპუბლიკური პარტიისათვის, გორში სტალინის ძეგლის აღდგენა კატეგორიულად მიუღებლია.

 “საქართველოს რესპუბლიკური პარტია კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს გორის თვითმმართველობის ორგანოებში გამართულ მსჯელობას სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე.

სტალინის ძეგლის აღმართვა, როგორი ფორმითაც უნდა განხორციელდეს იგი, ნიშნავს საბჭოთა სიმბოლიკის, კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის ერთ–ერთი შემოქმედის აღიარებასა და პატივისცემას.

რესპუბლიკური პარტია იმედს გამოთქვამს, რომ გორის საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც ტოტალიტარული რეჟიმისადმი ხელისუფლების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მისი აღორძინების მცდელობა. ამგვარი გადაწყვეტილება დაარღვევს საქართველოს მოქმედ კანონსა და ევროპის საბჭოს ჩვენთვის სავალდებულო რეზოლუციებს, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”, აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რესპუბლიკურ პატიაში აღნიშნავენ, რომ კანონდარღვევით მიღებულ პოლიტიკურად სახიფათო გადაწყვეტილებას რესპუბლიკური პარტია შეეწინააღმდეგება ყველა კანონიერი  მეთოდით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე