ბელგოროდში რუსული ილ-76 უკრაინამ Patriot-ით ჩამოაგდო - NYT

საქართველო, თბილისი - 14:37 | 09.02.2024
ნანახია: 906

ამერიკული გამოცემა New York Times-ი, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 უკრაინამ Patriot-ის სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდო.

თვითმფრინავი რუსეთის ბელგოროდის ოლქში 24 იანვარს ჩამოვარდა.

გამოცემის წყაროს მტკიცებით, სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა თვითმფრინავის ჩამოგდების გადაწყვეტილება "მცდარ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღეს".

წყაროს თქმით, რუსულ ბორტზე მართლაც იმყოფებოდნენ უკრაინელი სამხედრო ტყვეები, თუმცა რუსეთის მიერ დასახელებული რაოდენობა (65 უკრაინელი სამხედრო ტყვე) შესაძლოა გადაჭარბებული იყოს.

თვითმფრინავის Patriot-ის სისტემით ჩამოგდების შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც აცხადებდა. მისი თქმით, რუსულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ სამხედრო თვითმფრინავის ილ-76-ის ჩამოსაგდებად გამოყენებულია ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი.

მოსკოვის მტკიცებით, ავიაკატასტროფას 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ და ეკიპაჟის 9 წევრი შეეწირა.

25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე