პუტინი ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:40 | 09.02.2024
ნანახია: 918

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების სანაცვლოდ, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემას ითხოვს.

ამის შესახებ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუსას ილაპარაკა.

პუტინის თქმით, გერშკოვიჩი ამერიკის სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობდა და "ჯაშუშობას" ეწეოდა, მაგრამ თანახმაა, რომ იგი გაათავისუფლოს. მისივე თქმით, ეს საკითხი სპეცსამსახურების არხებით უნდა გადაწყდეს.

პუტინის განცხადებით, ჟურნალისტის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ აშშ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს და დასძინა, რომ "ახლა გიამბობთ ამბავს ადამიანზე, რომელმაც პატრიოტული მიზნებით, ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მოკლა ბანდიტი და ახლა სასჯელს იხდის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაში".

პუტინი ზელიმხან ხაგოშვილის მკვლელს ვადიმ კრასიკოვს (იგივე ვადიმ სოკოლოვს) გულისხმობდა.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი, კრასიკოვი, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ამ დანაშაულისთვის სასჯელს იხდის ბერლინში.

დასავლური მედია 2022 წლიდან წერდა, რომ მოსკოვი და პირადად პუტინი დაინტერესებული იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებით და სანაცვლოდ რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელების გათავისუფლების მზაობას გამოხატავდა. მაშინ საუბარი იყო ბრიტნი გრაინერის და პოლ უილენის გაცვლაზე.


შეგახსენებთ, 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მას ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.

ხანგოშვილის მკვლელობამ ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაძაბულობა წარმოშვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე