კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა - მთავრობის სტრატკომი

საქართველო, თბილისი - 12:34 | 07.09.2023
ნანახია: 967

კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია ნათქვამი.

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილთან ერთად, აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული კომერციული რეისებით.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა.

კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე